ფანჯიკიძე: 2001 წლის დადგენილებით, ინაუგურაცია თბილისში, პარლამენტის წინ უნდა ჩატარდეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მიპატიჟების მიზნით მის უწყებას მოსაწვევები ჯერ არ დაუგზავნია. ამის შესახებ განცხადება ფანჯიკიძემ დღეს, 29 ოქტომბერს გააკეთა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”.

 

“ჯერ არ შეკრებილა კომისია, რომელიც ამ საკითხზე იმსჯელებს, შესაბამისად, არ არის დაგზავნილი მოსაწვევები. ეს ყველაფერი გადაწყდება ერთობლივი კონსულტაციების შედეგად და შემდეგ დაიგზავნება მოსაწვევები. ერთი რამ უკვე ცნობილია, წლევანდელი ინაუგურაცია არ იქნება ისეთი პომპეზური, როგორიც გვინახავს. თავად ინაუგურაციას რაც შეეხება, თუ არ ვცდები, პარლამენტის წინ უნდა შედეგეს ის, რადგანაც არსებობს შესაბამისი ბრძანებულება, რომელიც მოქმედია და თუ იგი არ შეიცვალა, აბსოლუტურად ზუსტად ასახავს იმ სცენარს, რომლითაც უნდა მოხდეს ინაუგურაცია. იმ დადგენილებაში, რომელიც არის 2001 წლის და რომელშიც ცვლილებები არის შესული 2003 წელს, წერია თბილისი, მაშინ ქუთაისში პარლამენტი არ არსებობდა და მას შემდეგ თურმე ეს დადგენილება არ ყოფილა შეცვლილი. ჩვენ ამით, რა თქმა უნდა, ახლა დავინტერესდით. თუ იმ დადგენილებას მივყვებით, მაშინ [ინაუგურაციის ჩატარება] ეს უნდა მოხდეს თბილისში პარლამენტის შენობის წინ”, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დათო ქოქოშვილი