ელჩების განცხადებით, მათ მარგველაშვილს არჩევნებში წარმატება მიულოცეს და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.
“ჩვენ ამ საარჩევნო კამპანიის ყველა ეტაპზე ვაცხადებდით ერთს, რომ ამ არჩევნებში გამარჯვება არ არის ჩვენი ერთადერთი მიზანი, ჩვენი მიზანია გამარჯვება და ამავე დროს დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში. მე მინდა მივულოცო საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომ ეს მოხდა. ჩვენ გავიმარჯვეთ კიდევაც და ამავე დროს მოვახერხეთ ქვეყნის წინ წაწევა იმ არჩევნებით, რომელიც შედგა საქართველოში გუშინ”, – აღნიშნა მარგველაშვილმა კოალიცია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ელჩებთან შეხვედრის შემდეგ.
“ჩვენ გახლავართ სამი ელჩი, რომლებიც გუშინ ერთობლივად ვაკვირდებოდით არჩევნების მიმდინარეობას თბილისში. ასევე ქვეყნის მასშტაბით გვყავდა განაწილებული ჩვენი სამი საელჩოს თანამშრომლებით დაკომპლექტებული ჯგუფები. ამის მიზანი გახლავთ ის, რომ თვალყური გვედევნებინა, თუ როგორ მიმდინარეობდა არჩევნები. ჩვენ გვქონდა შეხვედრა არჩევნებში გამარჯვებულ პრეზიდენტთან, ვიცით, რომ საბოლოო შედეგები გამოცხადებული არ არის და კვლავ ველით საბოლოო შედგების გამოცხადებას, მაგრამ უკვე მივულოცეთ მას არჩევნებში გამარჯვება. ვისაუბრეთ იმ გეგმების შესახებ, რაც მას აქვს, მას შემდეგ, რაც ის დაიკავებს უკვე ოფიციალურად პოზიციას”, – განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა.
აშშ-ის ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა კი საქართველოში პოლიტიკური ძალების თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:
“დღეს დიდი სიამოვნებით შევხვდით არჩეულ პრეზიდენტს. მივულოცეთ მას წინასწარი შედეგები, რომელიც ცნობილია. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა გაუწოდონ ერთმანეთს ხელი, ჩამოაყალიბონ ურთიერთნდობა და იმუშაონ საქართველოს საკეთილდღეოდ”.
ჰოლანდიის ელჩის, ჰანს ჰორბახის თქმით კი, მათ მოახლოებულ ვილნიუსის სამიტზეც ისაუბრეს:
“ეს არჩევნები მოწმობს, რომ საქართველოში დემოკრატია რეალურად მწიფდება. ეს არის უმნიშვნელოვანესი. დღეს გვქონდა შესაძლებლობა მომავალ გეგემბსა და პერსპექტივებზე გვესაუბრა, გვესაუბრა იმ თემებზე, რომელიც მთავრობისა და მომავალი პრეზიდენტის ყურადღების ცენტრში იქნება. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი საგანი ვილნიუსის სამიტია, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია”.





