“გასული 10 წლის განმავლობაში მე ერთი წამით არ შემიჩერებია შრომა და ბრძოლა ქვეყნისა და თქვენი ინტერესების დასაცავად. შემიძლია, ვთქვა, რომ ქალაქების თითქმის ყველა უბანში, სოფლების უმეტესობაში ვართ ნამყოფი და ძალიან ბევრ ოჯახში ვართ შესული. მე არ დავღლილვარ და არც დავიღლები და სადაც არ უნდა ვიყო, შრომასაც გავაგრძელებ და ბრძოლასაც. პირადად მე დასვენება არ მჭირდება, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც თქვენ უნდა დაისვენოთ ჩემგან. თუმცა არასდროს დავივიწყოთ ის, რომ ქვეყნის წინსვლასა და თავისუფლებისთვის ბრძოლის საქმეში ჩვენ, როგორც ერს, დასვენების დრო არც ახლა გვაქვს და არც მომავალში გვექნება”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
პრეზიდენტი საუბრობს თავის შეცდომებზე:
“მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც უსამართლობისა და დამცირების მსხვერპლი გახდა. ვნანობ, რომ ხშირად ზედმეტად ვენდობოდი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამდებობის პირებს. როგორც გითხარით, მე ვიყავი, ალბათ, ზედმეტად ჩქარი და მოუთმენელი და კეთილისმსურველები სიდინჯისკენ მომიწოდებდნენ ხოლმე. ჩვენი ქვეყნის სწრაფად რეფორმირების სურვილით, არ გავითვალისწინეთ იმის აუცილებლობა, რომ ჩვენი მოქმედება აგვეხსნა და შეგვეთანხმებინა მათთან, ვინც ეწინააღმდეგებოდა ამ ცვლილებებს და ამ რეფორმებთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება ჰქონდა. სასამართლოს რეფორმა იყო ძალიან ნელი, განათლების რეფორმა კი – არასაკმარისად სიღრმისეული. ყოველივე ამაზე მე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ.”
პრეზიდენტი მადლობას უხდის საზოგადოებას:
“მე ყოველთვის თქვენ გვერდით და თქვენთან ერთად ვიქნები, თუმცა, სხვა შესაძლებლობებით და სხვა შენობიდან. რაზეც უარი არასდროს მითქვამს არის ის, რომ ყოველთვის ვიქნები ჩვენი ამაყი ქვეყნის ამაყი მოქალაქე, ერთ-ერთი მრავალთაგანი თქვენ შორის, ჩემო დებო და ძმებო, ჩვენი საყვარელი საქართველოს შვილებო.
ამ დღეებში ფეისბუკზე და სხვა არხებითაც მადლობის უამრავ წერილს ვიღებდი ბევრი თქვენგანისგან, მაგრამ დღეს დადგა დღე, როდესაც კიდევ ერთხელ, საბოლოოდ, მინდა თქვენ გითხრათ მადლობა.
უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი და ქედს ვიხრი თქვენ წინაშე!”
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტად არჩეული იქნა 2004 წლის იანვარში. 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ის გადადგა, თუმცა ვადამდელი არჩევნების შედეგად, 2008 წელს ის მეორე ვადით იქნა პრეზიდენტად არჩეული.
27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის პოსტზე გიორგი მარგველაშვილი შეცვლის.