ახალი ამბები

პესკოვი: კრემლი “ტვიტერ დიპლომატიის” მომხრე არ არის

11 აპრილი, 2018 • 1729
პესკოვი: კრემლი “ტვიტერ დიპლომატიის” მომხრე არ არის

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ტრამპის განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ კრემლი არ ემხრობა “ტვიტერ დიპლომატიას” და სერიოზული მიდგომების მომხრეა. პუტინის პრესმდივნის განცხადებას რუსული საინფორმაციო გამოცემა Tacc ავრცელებს.

“ჩვენ არ ვართ “ტვიტერ დიპლომატიის” მომხრენი. ჩვენ სერიოზულ მიდგომებს ვუჭერთ მხარს. როგორც ადრე, ახლაც მივიჩნევთ, რომ მნიშვნელოვანია ისეთი ნაბიჯების გადადგმისგან თავის შეკავება, რომლებმაც შესაძლოა დააზიანოს ისედაც მყიფე ვითარება [სირიაში]. დარწმუნებული ვართ, რომ ბრალდებები სირიის ქალაქში ქიმიური იარაღის გამოყენების თაობაზე გამოგონილია და ეს არ შეილება გამოყენებულ იქნას რაიმე სახის ძალოვანი მოქმედებების დასაწყებად,” – ამბობს პეკოვი.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს Twitter-ზე რუსეთის მუქარას  უპასუხა, რომლის მიხედვითაც ასადის რეჟიმის პოზიციების მიმართულებით გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოვარდება.

“რუსეთი პირობას დებს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ყველა რაკეტას  ჩამოაგდებს. მოემზადე რუსეთო, რადგან რაკეტები კარგი, ახალი და “ჭკვიანი” იქნება. თქვენ არ უნდა იყოთ პარტნიორი  იმ “ცხოველის”, რომელიც გაზით კლავს საკუთარ ხალხს და ამით სიამოვნებას იღებს,” – წერს დონალდ ტრამპი ტვიტერზე.

ლიბანში რუსეთის ელჩმა 10 აპრილს განაცხადა, რომ სირიის მიმართულებით აშშ-ის მიერ გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას რუსეთი ჩამოაგდებს. ელჩის თქმით, ორ ქვეყანას შორის ვითარება ასე არ უნდა გამწვავდეს და რუსეთი აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. სირიაში, აღმოსავლეთ ღუტას ანკლავის ქალაქ დუმაში 7 აპრილს მომხდარ სავარაუდო ქიმიურ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 40 ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი