არაბული ქვეყნების ლიგის მისის ხელმძღვანელმა, ლიგის გენერალური მდივნის მოადგილემ ვაგვიჰ ჰანაჰმა “შერატონ მეტეხი პალასში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისინი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით აკვირდებოდნენ საპრეზიდენტო არჩევნებს.
“მინდა მივულოცო საქართველოს მთავრობას არჩევნების წარმატებულად ჩატარება,”- განაცხადა ჰანაჰმა.
ჰანაჰის თქმით, ლიგის დამკვირვებლები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებსაც მეთვალყურეობდნენ. მისი შეფასებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით საქართველო წინ წავიდა.
მისიის 13 დამკვირვებელი საქართველოს 81 საარჩევნო უბანზე იყმყოფებოდა. ჰანაჰის განცხადებით, დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებზე გადაადგილების თავისუფლება და ხმის მიცემის პროცესის დაკვირვების შესაძლებლობა მიეცათ.
ვაგვიჰ ჰანაჰის თქმით, პროცესი კარგად იყო ორგანიზებული. უბნები დროულად გაიხსნა და დაიხურა, კომისიის წევრები იცავდნენ ინსტრუქციებს და ქართველ ამომრჩევლებს ჰქონდათ “დიდი სურვილი მოქალაქეობრივი ვალის შესრულებისა,” სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს შესაძლებლობა მიეცათ საარჩევნო პროცესში ჩართულიყვნენ.
არაბული ქვეყნების ლიგის დამკვირვებლებს მიაჩნიათ, რომ საარჩევნო პროცესში ერთი ნაკლოვანება გამოიკვეთა: ზოგი საარჩევნო უბანი ნელა ითვლიდა ხმას. მათი აზრით, ცესკოს ზოგიერთ თანამშრომელს ტრენინგის ჩატარება სჭირდება.
არაბული ქვეყნების ლიგის დამკვირვებლები საქართველოში 23 ოქტომბრიდან იმყოფებიან. მანამდე, 29 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდეც, სტუმრობდნენ საქართველოს. პირველი ვიზიტის დროს მისიის წარმომადგენლები პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგნელებს შეხვდნენ და მათი აზრი მოისმინეს წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.