აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აშშ-სა და რუსეთს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო საპატიო კაზაკის წოდება ჩამოართვეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
“2016 წელს, როდესაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები ტრამპის გამარჯვებით დასრულდა და ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინმა მას გამარჯვება მიულოცა, ეიფორიის ფონზე ჩვენ ტრამპი კაზაკთა საზოგადოების საპატიო წევრად დავასახელეთ. ჩვენ სტუმრადაც მოვიწვიეთ აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, რადგან ვვარაუდობდით, რომ პეტერბურგში, პუტინის მშობლიურ ქალაქში შედგებოდა მასთან შეხვედრა.
ამის შემდეგ პოლიტიკურმა მოვლენები ჩვენთვის სამწუხაროდ განვითარდა. მივხვდით რა, რომ შევცდით, მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენს ორგანიზაციას სირცხვილი ჩამოვრეცხოთ და ტრამპს ეს წოდება ჩამოვართვათ” – თქვა “ირბისის” წარმომადგენელმა ანდრეი პოლიაკოვმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს Twitter-ზე რუსეთი გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთის მუქარას პასუხობს, რომლის მიხედვითაც ასადის რეჟიმის პოზიციების მიმართულებით გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოვარდება.
“რუსეთი პირობას დებს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე რუსეთო, რადგან რაკეტები კარგი, ახალი და “ჭკვიანი” იქნება. თქვენ არ უნდა იყოთ პარტნიორი იმ “ცხოველის”, რომელიც გაზით კლავს საკუთარ ხალხს და ამით სიამოვნებას იღებს,” – წერს დონალდ ტრამპი ტვიტერზე.
ლიბანში რუსეთის ელჩმა 10 აპრილს განაცხადა, რომ სირიის მიმართულებით აშშ-ის მიერ გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას რუსეთი ჩამოაგდებს. ელჩის თქმით, ორ ქვეყანას შორის ვითარება ასე არ უნდა გამწვავდეს და რუსეთი აშშ-თან მოლაპარაკებებისთვის მზადაა. სირიაში, აღმოსავლეთ ღუტას ანკლავის ქალაქ დუმაში 7 აპრილს მომხდარ სავარაუდო ქიმიურ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 40 ადამიანი ემსხვერპლა.