ახალი ამბები

უსუფაშვილი: ბურჯანაძესთან გვაქვს კონტაქტი და ინფორმაციის გაცვლა

27 ოქტომბერი, 2013 • • 1130
უსუფაშვილი: ბურჯანაძესთან გვაქვს კონტაქტი და ინფორმაციის გაცვლა

ამის შესახებ უსუფაშვილმა კოალიცია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: 

“მე პატივს ვცემ ყველა მოქალაქის და ყველა პოლიტიკოსის მოლოდინებს, განწყობებს, სურვილებს. არჩევნები იმითია სწორედ საინტერესო, რომ იქ ადამიანები მთელი გულით და სულით, მთელი ენერგიით და მთელი ვნებებით ერთვებიან ამ პროცესში. ამიტომ მე მესმის კანიდატების განწყობა, რომ ყველას უნდა გამარჯვება, მაგრამ ყველა უნდა შევეგუოთ იმას, რომ საბოლოო სიტყვა ეკუთვნით მოქალაქეებს, ამომრჩევლებს და მათი გადასაწყვეტია ეს ყველაფერი”.

 

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს და პრეტენზიებს, უსუფაშვილის განცხადებით, ამისთვის არსებობს საკითხების მოგვარების კონკრეტული მექანიზმები:

 

“ეს არის საჩივარი, საკითხის დაყენება, ასევე, დამატებითი, ტრადიციული არაფორმალური მეთოდები პრობლემების მოგვარების. ქალბატონ ნინოს ჩემთან ბოლო 2-3 საათის განმავლობაში რამდენჯერმე ჰქონდა საუბარი. გვაქვს კონტაქტი და ინფორმაცის გაცვლა. სანამ თქვენთან შემოვიდოდი, ერთ კონკრეტულ პრობლემეზე მიმანიშნა, რომ მისი მონაცემებით ასე ხდება, მე მას შევატყობინე, რომ გადავამოწმებ და თუ რამე ასეთი ხდება, აღმოიფხვრება, იმიტომ, რომ რასაც ქალბატონი ნინო ბრძანებს, არასწორია. ეს მუშა ვითარებაა და თუკი ვინმეს რაიმე საპრეტენზიო აქვს, მე ქალბატონ ნინოსთან რამე პრივილეგირებული ურთიერთობა კი არ მაქვს, ნებისმიერ კანდიდატს შეუძლია დასვას საკითხი. არსებობს მექანიზმები, გზები, კონკრეტული საკითხების გასარკვევად, თუ ვინმეს რაიმე ეჭვი ეპარება, თუ ვინმე თვლის, რომ სადმე რამე დარღვევა იყო. ეს მექანიზმები ყველა კანდიდატისთვის მისაწვდომია და მე ველოდები, რომ ყველა ამ გზით გაარკვევს, თუ რამე პრობლემე იქნება.”

 

პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის თქმით, მას არ აინტერესებს ეგზითპოლების შედეგები და იგი დარწმუნებულია, რომ იქნება მეორე ტური მასსა და გიორგი მარგველაშილს შორის:

 

“ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ხმების დაცვას, 1000-ზე მეტი საჩივარი დავწერეთ უბნებზე, რომლის დაცვასაც ჩვენ ვაპირებთ. “ოცნებას” მოვუწოდებ გონიერებისკენ და არა ავტოკრატიზმისკენ, სადაც ამბობენ, რომ მაინც აუცილებლად 60% უნდა იყოს მათი და არ უნდა იყოს მეორე ტური. რამდენიმე წუთში ჩვენ ვიწყებთ პარალელულრ დათვლას და ის შედეგები აჩვენებს იმას, რაზედაც მე ვსაუბრობ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

ტელეკომპანიების “იმედის” და “რუსთავი 2”-ის  დაკვეთით ჩატარებული ეგზითპოლების წინასწარი შედეგების მიხედვით, “დემოკრატიული მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე მესამე ადგილზე გავიდა და 9.9 % [იმედი] და 7.5%[რუსთავი 2] მიიღო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი