ახალი ამბები

“სამართლიანმა არჩევნებმა” 57 საჩივარი დაწერა

27 ოქტომბერი, 2013 •
“სამართლიანმა არჩევნებმა” 57 საჩივარი დაწერა

“უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. დღევანდელი დღის მნიშვნელოვან ხარვეზად შეიძლება ჩაითვალის არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის ფაქტები, მარკირების პროცედურის არასათანადო წარმოება და ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები ბათუმში.  ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 12 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – 45 საჩივარი”.-ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

 

ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნების 98.0%-ზე ამომრჩევლებს, პროცედურების შესაბამისად, რეგისტრატორები ყოველთვის სთხოვდნენ ხმის მიცემისათვის აუცილებელ პირადობის დამადასტურებელ სათანადო დოკუმენტაციას. უბნების 3.0%-ის შემთხვევაში საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციას არ თხოვდნენ ცალკეულ ამომრჩევლებს;

 

საარჩევნო უბნების 94.8%-ზე ყოველთვის ხდებოდა მარკირების შემოწმება კანონით დადგენილი წესისამებრ, რაც შემცირებული მაჩვენებელია წინა წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებაში – 2012 წელს მარკირება ყოველთვის მოწმდებოდა უბნების 96.8%-ზე.

 

საარჩევნო უბნების 99.1%-ზე ბიულეტენები ყოველთვის მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით, ხოლო 2012 წელს ბიულეტენები ყოველთვის მოწმდებოდა უბნების 96.5%-ის შემთხვევაში.

 

საარჩევნო უბნების 97.4%-ზე ამომრჩევლებს მარკირება ყოველთვის უკეთდებოდათ, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც  მარკირება ყოველთვის უკეთდებოდათ  საარჩევნო უბნების მხოლოდ 93.5% -ზე.

 

საარჩევნო უბნების 96.4%-ზე ხმის მიცემის ფარულობა დაცული იყო. სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის ამ პროცენტულ მაჩვენებლსა და 2012 წლის ანალოგიურ მონაცემს შორის. 

 

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სტატისტიკურად ნაკლები დარღვევა დაფიქსირდა წინა არჩევნებთან დაკავშირებით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი