საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა ზუსტად ის პროცენტი მიიღო, რასაც კოალიცია ვარაუდობდა:
“დღეს ჩატარდა ყველაზე სამართლიანი არჩევნები, როცა ადამინები საკუთარი გულით და გონების კარნახით აკეთებდნენ საკუთარ არჩევანს.”
სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის შეფასებით, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების გაყალბება არ მომხდარა:
“წელს არ მომხდარა გაყალბება. დაფიქსირდა რეალური ციფრი. მოხდა გარდატეხა. ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ გაესტუმრებინა სააკაშვილი. წელს პირველად საარჩევნო მოედანი არ ჰგავდა ტატამს. “
საქართველოს პარლამენტის წევრის, შოთა ხაბარელის განცხადებით, ასეთი შედეგები მოსალოდნელი იყო:
“სწორი არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა. ამის მიზეზია ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” გადადგა პოზიტიური ნაბიჯები.”
საქართველოს პარლამენტის წევრის, სოსო ჯაჭვლიანის შეფასებით, შესაძლოა იყოს ეგზიტპოლების შედეგებში 1-2 პროცენტიანი სხვაობა, თუმცა “ქართული ოცნების” კანდიდატის გამარჯვება ცალსახაა:
“ეს არის ყველაზე მშვიდი არჩევნები ბოლო 20 წლის განმავლობაში.”
ტელეკომპოანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის პირველადი შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 68% მიიღო, ხოლო “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლით – 67.8%.
21:00 საათისთვის “ქართული ოცნების” ოფისთან საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს ელოდებიან.