ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა ცენტრი: საარჩევნო უბნებზე აღარ ხდება ამომრჩეველთა ორგანიზებული მიყვანა

27 ოქტომბერი, 2013 •
ადამიანის უფლებათა ცენტრი: საარჩევნო უბნებზე აღარ ხდება ამომრჩეველთა ორგანიზებული მიყვანა

ორგანიზაციის შეფასებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო უბნებზე პრაქტიკულად აღარ ხდება ამომრჩეველთა ორგანიზებული მიყვანა მიკროავტობუსებით და მათი კონტროლი პარტიების კოორდინატორთა მიერ, რასაც წინა არჩევნების დროს მასობრივი ხასიათი ჰქონდა და ხშირ შემთხვევაში, ეს  იწვევდა საარჩევნო პროცესის შეფერხებას.

 

“მსგავს არაჯანსაღ აქტიურობას წინა წლებში ადგილი ჰქონდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ე. წ. კოორდონატორების მხრიდან, რასაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ამომრჩევლებზე ზეწოლის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევდა. მისასალმებელია, რომ 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ამგვარ მასობრივ მობილიზებას საარჩევნო უბნებზე არც ყოფილი და არც ახლანდელი მმართველი პარტია არ იყენებს”.- ნათქვამი გავრცელებულ შეფასებაში.

 

ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებით, მნიშვნელოვნად იკლო სპეცუბნების რაოდენობამ, რის შესახებაც შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა საზოგადოებას დროულად მიაწოდეს ინფორმაცია. 

 

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ წინა არჩევნების მსგავსად საარჩევნო უბნებზე კვლავ ფიქსირდება საზოგადოებისთვის უცნობი დასახელების არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა წარმომადგენლები გასაუბრებისას ვერ ასახელებენ თავიანთი ორგანიზაციის დაფუძნების წელს და ხელმძღვანელს:

 

“ასეთი ტიპის „დამკვირვებლები“, სავარაუდოდ, საარჩევნო სუბიექტების სატელიტ ორგანიზაციებს წარმოადგენენ, რაც, მართალია, კანონდარღვევა არ არის, მაგრამ ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესში სამართლიანობის პრინციპს”.

          

ორგანიზაცია მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების  ნაკლოვანებად მიიჩნევს იმ ამომრჩეველთა ბიულეტენების გაბათილების დაკანონებას, რომლებმაც საარჩევნო ბიულეტენში ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი გადახაზა და ამით დააფიქსირა თავისი საპროტესტო პოზიცია ყველას მიმართ.

 

“ასეთი კატეგორიის ამომრჩეველთა ბიულეტენები, არსებული საარჩევნო კანონმდებლობით, ხმის დათვლისას გაბათილდება, რაც სერიოზულად დააზარალებს ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნების საერთო სტატისტიკას. ფაქტობრივად, ეს არის უკანგადადგმული ნაბიჯი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი