ახალი ამბები

ჟურნალისტი აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

27 ოქტომბერი, 2013 • 932
ჟურნალისტი აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

გელა მთივლიშვილი
გელა მთივლიშვილი

როგორც მთივლიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა,  როცა უბანში შევიდა, კომისიის წევრები უბნის გარეთ იმყოფებოდნენ და საკითხის გარკვევა სცადა, ასევე თხოვა სარეგისტრაციო ჟურნალში დარეგისტრირება, თუმცა მას კომისიის წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

მთივლიშვილი ამბობს, რომ მას ასევე არ მიეცა ამ ინციდენტის შესახებ საჩივრის დაწერის შესაძლებლობა. ჟურნალისტის თქმით, მას ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება.

„არანაირი შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, ვუთხარით, რომ სამაგიდო ვერსიების და კაბინების გადაღება არ შეიძლებოდა. მაინც იღებდა სამაგიდო სიებს. მე ვუთხარი, მიბრძანდით- თქო, ეგ არის და ეგ. როგორ გეკადრებათ, ხელით შეხება შეიძლება? გაბრძანდა თავისით. რა შეურაცხყოფა, სულ მოწიწებით ველაპარაკებოდით“, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს კომისიის თავმჯდომარემ, ივანე სეფიაშვილმა.

 

მთივლიშვილი აცხადებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მაგიდებამდე არც მიუღწევია, მანამდე გააძევეს.

ჟურნალისტის თქმით, ინციდენტის დროს უბანში საიას და სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლები არ იმყოფებოდნენ. ის  მალე ვიდეომასალის გავრცელებას აპირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი