ბურჯანაძეს საარჩევნო უბანთან მხარდამჭერები დახვდნენ. კენჭისყრაში მონაწილეობის და არჩევანის გაკეთების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ნინო ბურჯანაძის განცხადებით, არსებული რეალობიდან გამომდინარე მეორე ტური გარდაუვალი იქნება: “აუცილებლად იქნება მეორე ტური, ამის თქმის საფუძველს არსებული რეალობა მაძლევს.”

პრეზიდენტობის კანდიდატმა, ასევე, არსებულ დარღვევებზეც ისაუბრა: “რაც შეეხება დარღვევებს, იყო დარღვევები, რომლებიც დაფიქსირდა კამერების წინაც კი. ეს იყო მსოფლიოში უპრეცედენტო და აშკარა დარღვევა. როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებაში ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კანონი იწერება ყველასთვის და მათთვის არა. კანონის წინაშე ყველა ერთნაირად იქნება პასუხისმგებელი. ეს არჩევნები იქნება ამის გარანტი. კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს, პრეზიდენტი, პრემიერი და ყველა რიგითი მოქალაქე.”
მედიასთან კომენტარი ნინო ბურჯანაძის მეუღლემ ბადრი ბიწაძემაც გააკეთა. მისი თქმით, 27 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ყველაფერი შეიცვლება:”ყველაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. არჩევნები მიდის მშვიდ გარემოში, თუმცა არის დარღვევები”.
პრეზუდენტობის კანდიდატის ვაჟის, ანზორ ბიწაძის განცადებით, მას სჯერა, რომ ამ არჩევნებში ნინო ბურჯანაძე გაიმარჯვებს:”ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის საარჩევნო კამპანია, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ და ის შთაბეჭდილებები, რაც ხალხთან ურთიერთობისას დამრჩა.”





