პრემიერ-მინისტრს თან ახლდა მცირეწლოვანი შვილი ცოტნე ივანიშვილი.
არჩევანის გაკეთების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ხმა საქართველოს მომავლის სასარგებლოდ მისცა.
“მინდა მივულოცო საქართველოს მოსახლეობას დღევანდელი დღე. მაქვს ინფორმაცია, რომ მთელ საქართველოში რიგებია საარჩევნო ყუთებთან. ძალიან დიდია მოსახლეობის მობილიზაცია. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენ დაბალანსებულ სიტუაციაში შეგვიძლია სწორი არჩევანის გაკეთება. დღეს ვამტკიცებთ, რომ ვართ ტიპურად ევროპელები, ხარისხობრივად განსხვავებულ სიტუაციაში მაქსიმალურ პასუხისმგებლობას ვაჩვენებთ. მე მქონდა ამის განცდა და დღევანდელი დღე ამას ამტკიცებს და დარწმუნებული ვარ, საღამომდე არავინ დარჩება სახლში, რომ არ მისცეს ხმა საკუთარი ქვეყნის მომავალს და მინიმალური პასუხისმგებლობა არ აჩვენოს”.
მისივე თქმით, დღევანდელი დღე უკვე არის მთავარი ცვლილება.
ბიძინა ივანიშვლმა მოკლედ შეაფასა ის ორი წელიწადი, რაც პოლიტიკაში ჩაერთო:
“ვაჩვენეთ, როგორი პოზიცია აქვს საქართველოს მოსახლეობას. აბსოლუტურად განსხვავებული არჩევნებია დღეს. ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევაა, რომ ადამიანებს დავუბრუნეთ არჩევანის უფლება. ხმის მიცემის უფლება. ადამიანებმა იგრძნეს თავისუფლება. არავინ არავის არაფერს არ აძალებს, არ კარნახობს და არ ძალადობს, მოდიან და საკუთარ ნებას გამოხატავენ.
საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, რომ ხელისუფლება არათუ აკეთებს, არც კი ცდილობს სახელისუფლებო რესურსის გამოყენებას. საქართველოს მოსახლეობას აღარ აქვს შიშის განცდა, არიან თავისუფლები. ყველაზე დიდ თავისუფლებას აუცილებლად ჭირდება ეკონომიკური მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გაღრმავდეს, მაგრამ ჩვენი უახლოესი გამოწვევა 20 წელიწადში იქნება ეკონომიკა და ჩვენ ამას დავძლევთ”.
ივანიშვილის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს მოსახლეობა თავისუფალ ნებას გამოხატავს და მოქალაქეები ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ თავიანთი ოჯახებისთვის და ქვეყნისთვის.
საარჩევნო უბანი უკომენტაროდ დატოვა ეკა ხვედელიძემ .