აღნიშნულის გამო საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. “ნეტგაზეთი” შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“შსს შეშფოთებას გამოთქვავს დე ფაქტო ცხინვალის მთავრობის მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, 27 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, საოკუპაციო ხაზზე საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით.
მიუხედავად იმისა, რომ 18 ოქტომბერს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებთან დაისვა საკითხი, რომ 27 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მისცემოდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება, მათ, სამწუხაროდ, თხოვნა არ გაითვალისწინეს და ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება ე.წ. გამშვებ პუნქტებზე სრულად შეზღუდეს.
შსს მკაცრად გმობს დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმის ზემოთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან ეს არის ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების, არჩევანის გაკეთების პირდაპირი შეზღუდვა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევა.
შსს მოუწოდებს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას, გადახედოს მათ მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას და არ მოუსპოს ოკუპაციის ხაზის მიღმა დარჩენილ საქართველოს მოსახლეობას დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების საშუალება”,– ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხვალ 27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.