ახალი ამბები

ილია II ტყიბულის ტრაგედიაზე: მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად

6 აპრილი, 2018 • 2128
ილია II ტყიბულის ტრაგედიაზე: მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, ილია II ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს:

“დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტში ახლახან მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ, ალბათ, მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად” – წერს ილია II.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული წერილი

რა მოხდა მინდელის შახტში

2018 წლის 5 აპრილს ტყიბულის შახტში ნგრევის შედეგად 6 მეშახტე დაიღუპა – 3 კი დაშავდა. დაშვებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
საქნახშირი აცხადებს, რომ მინდელის შახტში დაღუპულების ოჯახებს 20-20 ათას ლარამდე კომპენსაცია გადაეცემათ.
შსს-მ გამოძიება, ტრადიციულად, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. დანაშაული 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხელისუფლების ლიდერები კვლავ აცხადებენ, რომ შრომითი კანონმდებლობა დასახვეწია.

მანამდე:

2017 წლის 9 მაისს მინდელის სახელობის შახტში 5 მეშახტე დაიღუპა, მათგან 4 ემსხვერპლა ლიფტის ჩავარდნას.
ამავე დღეს თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ, დაღუპული მეშახტეების ოჯახებისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. ხმაურიან აქციაზე პოლიციამ 2 აქტივისტი გზის გადაკეტვის გამო დააკავა.
2010 წლიდან დღემდე მინდელის სახელობის შახტში 25-მდე ადამიანი დაიღუპა
ვინ მართავს მინდელის შახტს
ტყიბულის მინდელის სახელობის შახტი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიის, “საქნახშირის” მართვის ქვეშაა.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილია (ყოფილი პარლამენტარი). 2017 წელს თბილისში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან სწორედ დავით ბეჟუაშვილის სახლთანაც მივიდნენ მინდელის შახტში არსებული შრომითი მდგომარეობის გასაპროტესტებლად.

საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს არაღმასრულებელი დირექტორია- გელა ბეჟუაშვილი (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), ფინანსური დირექტორი- ზურაბ გელენიძე, კომერციული დირექტორი- ზურაბ გოზალიშვილი, გენერალური დირექტორის მრჩეველი სტრატეგიულ საკითხებში -ლევან ვეფხვაძე (ყოფილი ქრისტიან-დემოკრატი) და გენერალური დირექტორი- ჯამბულ ჯაყელი.

წაიკითხეთ: რა არის სამთო დარტყმა – ტრაგედია მინდელის შახტში

მასალების გადაბეჭდვის წესი