სახალხო დამცველის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მის აპარატში ყოველდღიურად არაერთი უსახლკარო და სოციალურად დაუცველ პირთა განცხადება შედის, რომელთა მთავარ პრობლემას საცხოვრებლით უზრუნველყოფა წარმოადგენს.
“მოქმედი კანონმდებლობით, უსახლკარო პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულებაა. თუმცა, საცხოვრისით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფოს სტრატეგიისა და გეგმის არარსებობის პირობებში, ამ ვალდებულების შესრულება უმეტეს შემთხვევაში ვერ ხორციელდება”, – აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველმა არაერთი რეკომენდაციით მიმართა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს (თბილისსა თუ რეგიონებში), ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა არსებული რესურსების პირობებში, მიღებული იქნას ყველა ზომა უსახლკარო პირთა უფლებების ეფექტურად დაცვისათვის, თუმცა ამ დრომდე პრობლემად რჩება სახელმწიფოს მხრიდან თუნდაც დროებითი თავშესაფრის მოწყობა ზამთარში უსახლკარო ადამიანებისთვის.
რამდენიმე დღის წინ ორგანიზაცია „იდენტობის“ ინიციატივის შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც გულისხმობს უსახლკაროებისთვის დროებითი თავშესაფრის გახსნას, რისთვისაც ორგანიზაციას ფართი ერთ-ერთმა კერძო პირმა გადასცა სარგებლობაში.