ახალი ამბები

შსს ჯარიმების შესახებ ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება

25 ოქტომბერი, 2013 • • 1062
შსს ჯარიმების შესახებ ივანიშვილის განცხადებას ეხმიანება

“შინაგან საქმეთა სამინისტრო მზად არის განიხილოს საგზაო წესების დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმების ოდენობის საკითხი და წარუდგინოს ინიციატივები მთავრობასა და პარლამენტს.

 

შეგახსენებთ, რომ შსს-ს მიერ უკვე ინიცირებულია პარლამენტში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის ერთ-ერთი პუნქტია ჯარიმის განახევრება 100-დან 50 ლარამდე უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის შემთხვევაში.

 

აღნიშნულ ინიციატივაში, რაც წარდგენილია პარლამენტში, უარი ითქვა ნასვამ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამო დაჯარიმებაზე და ფულადი ჯარიმის ნაცვლად შემოდის მართვის უფლების შეჩერების ინსტიტუტი.

 

როგორც ეს, ასევე სხვა ცვლილებებიც დაკავშირებულია არა ფისკალურ ეფექტთან და ბიუჯეტში თანხების მობილიზებასთან, არამედ თითოეული ადამიანის, მათ შორის სამართალდამრღვევის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვასთან”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, 1 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებით გარდაცვლილთა რაოდენობა 60%–ით შემცირდა, რაც საგზაო ნიშნების შემოღებამ და გზების მონაკვეთებში მაქსიმალური სიჩქარის განსაზღვრამ განაპირობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი