ახალი ამბები

ირაკლი ჩიქოვანი GMG-ს საქმეზე: არც არავის ვიბარებდი და არც არავის ვემუქრებოდი

24 ოქტომბერი, 2013 •
ირაკლი ჩიქოვანი GMG-ს საქმეზე: არც არავის ვიბარებდი და არც არავის ვემუქრებოდი

ეს განცხადება ჩიქოვანმა დღეს, 24 ოქტომბერს გააკეთა პარლამენტის კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც იგი სკაიპით ჩაერთო. ტელეკომპანია GMG–ს საკითხზე ჩიქოვანს კითხვა ზემოხსენებული კომისიის თავმჯდომარემ, თინა ხიდაშელმა დაუსვა. მისი თქმით, ჩიქოვანი მუქარის განხორციელებაში საკაბელო ტელევიზიების წარმომადგენლებმა დაადანაშაულეს. ხიდაშელმა ჩიქოვანს ის ბრალდებებიც შეახსენა, რომელსაც ამ საკითხზე შპს “მადის” წარმომადგენელი გამოთქვამს.

 

“მართალი გითხრათ, ვერ ვხვდები, რანაირად ვიყავი მე “მადის” პრობლემების წარმომშობი. რაც შეეხება “მადის,” მე ორჯერ ვნახე ეს ადამიანი სულ, ერთხელ- სხდომაზე და მეორედ, ჩემთან ოთახში მოვიდა და მთხოვა, რომ არ დამეჯარიმებინა. სხვა ურთიერთობა ამ ადამიანთან არ მქონია. რაც შეეხება GMG-ს, დამალული არ არის, ბევრჯერ ითქვა და ახლაც შემიძლია გავიმეორეო, რომ მე ამ ხალხთან მეგობრობა და ამხანაგობა მაკავშირებს, ლევანთან [ყუბანეიშვილი]- საკმაოდ დიდხანს და მამუკა [გამყრელიძე] ჩემი მეგობრის ძალიან ახლო მეგობარი იყო, შესაბამისად, ერთმანეთთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. მათ სჭირდებოდათ ლიცენზია, მოგვმართეს ჩვენ და მე, კონკრეტულად, ხომ არ ვიცოდი, ვისთვის უნდა მიემართათ. ამ შემთხვევაში პირველწყარო არის კომისია და ვუთხარი გიორგი რატიშვილს, რომ თუ გაქვს ასეთი ინფორმაცია, იქნებ დაეხმარო ამ ხალხს. ვერ ვხვდები, ამაში რა არის დარღვევა. არ მესმის”, – განაცხადა ჩიქოვანმა და დასძინა, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ GMG-ს ყველა საკაბელო ქსელში ჩართვის მიზნით იგი საკაბელო ტელევიზიების მფლოებლებს დაემუქრა, სინამდვილისაგან ძალიან შორს არის.

 

“ეგეთი რამ არ ყოფილა. არც არავის ვიბარებდი და არც არავის ვემუქრებოდი”.

 

კომპანია “გლობალ მედია ჯგუფის” (GMG) საქმეს  საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია იხილავს პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი