ახალი ამბებიტექნოლოგიები

ფეისბუკმა რუსული ორგანიზაციის 270 გვერდი და ანგარიშები გააუქმა

4 აპრილი, 2018 • 3591
ფეისბუკმა რუსული ორგანიზაციის 270 გვერდი და  ანგარიშები გააუქმა

ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ 270-ზე მეტი გვერდი და ანგარიში გააუქმეს, რომლებსაც რუსული ორგანიზაცია  “ინტერნეტის კვლევის სააგენტო” (IRA) მართავდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ცუკერბერგმა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.  

მისი თქმით, ეს ნაბიჯი  რუსული ორგანიზაციის მიერ უცხო ქვეყნის არჩევნებში ჩარევის პრევენციაა.   სოციალური ქსელის დამფუძნებლი ამბობს, რომ რუსული სააგენტო აშშ-ში, ევროპასა და რუსეთში მცხოვრები ხალხის მანიპულირებას ცდილობდა.

“2016 წლის შემდეგ ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რუსულმა IRA-მ შექმნა ასობით ყალბი ანგარიშის ქსელი,  რათა კონტენტის გავრცელებით გავლენა მოეხდინა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ჩვენ დავიწყეთ გამოძიება და მათი გვერდების და ანგარიშების წაშლა.

მას შემდეგ  დავხვეწეთ ტექნიკაც ყალბი ფეისბუკის ანგარიშების წასაშლელად. ამის შემდეგ ბევრი მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართა, სადაც ეს ტექნიკა წარმატებით გამოვიყენეთ. მაგალითად, საფრანგეთში 2017 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დროს, აღმოვაჩინეთ და წავშალეთ დახლოებით 30 ათასი ყალბი ფეისბუკის ანგარიში. გერმანიაში, ვიდრე 2017 წელს არჩევნები გაიმართებოდა, ვმუშაობდით ინფორმაციის დაცვის ფედერალურ ოფისთან ერთად იმ საფრთხეებზე, რომლებსაც ისინი ხედავდნენ. ამასთანავე, მნიშვნელოვნად გავზარდეთ ინვესტიციები უსაფრთხოების მიმართულებით”, – აცხადებს ცუკერბერგი.

ცუკერბერგის თქმით, აღმოაჩინეს, რომ  მსხვილი რუსული კომპანია IRA ხალხის მოსატყუებლად ყალბი ანგარიშების კომპლექსურ ქსელებს იყენებს.

“ ჩვენ პატივს ვცემთ ხალხისა და ხელისუფლებების უფლებას, გააზიარონ მათი პოლიტიკური შეხედულებები ფეისბუკის მეშვეობით, თუმცა არ მივცემთ საშუალებას შექმნან ყალბი ანგარიშები და როდესაც ორგანიზაცია ამ მეთოდს რამდენჯერმე მიმართავს, ჩვენ ვხურავთ ყველა მის გვერდს, მათ შორის შეიძლება მოხვდეს ისეთებიც, რომლებიც ყალბი სულაც არ არის. ის ანგარიშები, რომლებიც 3 აპრილს წავშალეთ,  IRA-ს მიერ კონტროლდებოდა. სწორედ ეს გახდა მათი წაშლის მიზეზი და არა მათ მიერ გავრცელებული კონტენტი”.

ცუკერბერგის თქმით, მსხვილი რუსული კომპანიის გვერდების და ყალბი ანგარიშების სამიზნე რუსეთში მცხოვრები ხალხი  და აზერბაიჯანში, უზბეკეთსა და უკრაინაში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობა იყო. წაშლილ გვერდებს შორის მოხვდა რუსულენოვან  ახალ ამბებზე მომუშავე ორგანიზაციები, რომლებსაც IRA აკონტროლებდა.

რამდენიმე კვირაში ფეისბუკი  გეგმავს ფუნქციის ამოქმედებას, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს შეამოწმონ მოწონებული, ან აქვთ თუ არა გამოწერილი რუსული კომპანიის [IRA] გვერდები და ანგარიშები.

“უსაფრთხოება იმ ტიპის პრობლემა არ არის, რომელსაც სრულად აღმოფხვრი. ორგანიზაციები, ისეთი, როგორიც IRA -ია, დახვეწილი მოთამაშეები არიან, რომლებიც მუდამ ვითარდებიან. მაგრამ ჩვენც გავაგრძელებთ მეთოდების დახვეწას, რათა წინ წავიდეთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება არჩევნებში ჩაურევლობის საკითხს,” -წერს მარკ ცუკერბერგი.

მისი თქმით, ამჟამად  ფეისბუკს 15 ათასი თანამშრომელი ჰყავს, რომლებიც უსაფრთხოებაზე და კონტენტის შესწავლაზე მუშაობენ. 2018 წლის ბოლოსთვის ფეისბუკი ამ რიცხვის 20 ათასამდე გაზრდას გეგმავს.

სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრი (Senate Intelligence Committee) მარკ ვორნერი, რომელიც 2016 წლის ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს იძიებს, მიესალმება ფეისბუკის ამ გადაწყვეტილებას. დემოკრატი სენატორი ამბობს, რომ იმედი აქვს, მსგავსი კომპანიები კონგრესთან ერთად კანონმდებლობის დახვეწაზეც იმუშავებენ, რათა მომავალში დემოკრატიის დაცვა მოხდეს.

“მოხარული ვარ Facebook-ის ამ გადაწყვეტილებით , თუმცა ბატონი ცუკერბერგისგან და მსგავსი პლატფორმის კომპანიებისგან ველოდები, რომ ისინი გააგრძელებენ რუსული ტროლების გამოაშკარავებას,”-აცხადებს სენატორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი