ახალი ამბები

ადვოკატი: შამათავა სამი თვე ჰყავდათ ციხეში, რომ ეღიარებინა ხურჩის ამბავი

24 ოქტომბერი, 2013 • • 1224
ადვოკატი: შამათავა სამი თვე ჰყავდათ ციხეში, რომ ეღიარებინა ხურჩის ამბავი

პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, რადგან ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ საქმე ეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, ამიტომ ბრალდებულებმა შესაძლოა თავი აარიდონ გამოძიებას, მოახდინონ მოწმეებზე ზეწოლა და გაანდგურონ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები.

 

დაცვის მხარის განცხადებით, ამის საშიშროება არ არსებობს, რადგან ბრალდებულები თანამშრომლობენ გამოძიებასთან, ისინი გამოცხადდნენ საკუთარი ნებით საგამოძიებო ორგანოში და არ ჰქონიათ აქამდე მიმალვის მცდელობა. ასევე, დაცვის მხარის თქმით, ერთ-ერთ ბრალდებულს, მალხაზ მურღულიას ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი და აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


ადვოკატების თქმით, რომან შამათავა 2013 წელს დაკავებული იყო და ბრალად ედებოდა სამი ადამიანის მკვლელობა, ის სამი თვის მანძილზე ჰყავდათ დაპატიმრებული, თუმცა, ადვოკატების თქმით, იმის გამო, რომ პროკურატურამ დამატებითი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა, საქმე უკან გაითხოვეს. ადვოკატების განცხადებით, აღნიშნულ საქმეში ის მოწმეები ფიგურირებენ, რომლებიც ამჯერად ხურჩის ტერაქტზე იძლევიან ჩვენებებს შამათავას წინააღმდეგ.


 “ეს სამი თვე იმის გამო ჩასვეს ციხეში, რომ ეღიარებინა ხურჩის ამბავი, მაგრამ რაც არ ჩაუდენია, ვერ აღიარებდა. ჟურნალისტი ემა გოგოხია კი კახა ჩიხლაძემ, ალასანიას ახლობელმა, დაიბარა კონსპირაციულ ბინაში, რომ დაედასტურებინა ეს ფაქტი და გასულიყვნენ შამათავაზე. ცალსახაა, რომ ეს საქმე პოლიტიკურ კალენდარს უკავშირდება, კერძოდ, არჩევნებს.” – განცხადა ადვოკატმა რომეო საჯაიამ.


ადვოკატები აცხადებენ, რომ შეუძლიათ წარმოადგინონ ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ისვრიან რუსულ ფორმაში ჩაცმული მესაზღვრეები, ხოლო ის მოწმეები, ვინც ბრალდებულთა წინააღმდეგ ჩვენებას აძლევენ, აცხადებენ, რომ სროლა ხდებოდა ნაბაკევის ტერიტორიიდან, რომელიც არის ოკუპირებული. აქედან გამომდინარე, მათი თქმით, ქართული მხარე ამ ტერიტორიიდან სროლას ვერ განახორციელებდა.


დაცვის მოითხოვს, აღკვეთის ღონისძიების სახით რომან შამათავა გათავისუფლდეს 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, ხოლო მალხაზ მურღულია – 3000 ლარიანი გირაოთი.


ადვოკატების თქმით, არსებობენ ადამიანები, რომლებზეც ისეთივე საფუძვლიანი ეჭვი შეიძლება არსებობდეს, როგორც ბრალდებულებზე, თუმცა არც ერთი მათგანი დაკავებული არ არის, მათ შორის, საუბარია შამათავას უშუალო ხელმძღვანელ შალვა ჯანაშვილზე (შს მინისტრის ყოფილი მოადგილე), ონისე კვაშილავაზე (მეტსახელად “უზბეკა”) და ქარჩაიძეზე, რომლებმაც, ადვოკატების თქმით, დაკითხვის დროს განაცხადეს, რომ ტერაქტში მონაწილეობდნენ და რომლებიც, ადვოკატების თქმით, დღემდე მუშაობენ შსს-ში.


შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და ამავე სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია 21 ოქტომბერს დააკავეს ხურჩაში 2008 წელს ტერაქტის განხორციელების ბრალდებით.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.

მასალების გადაბეჭდვის წესი