თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, სვანეთში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მესტიის მუნიციპალიტეტში მესტია-ჭალა ჰესისა და ნენსკრა ჰესის აშენება მოსახლეობის კეთილდღეობას საფრთხეს შეუქმნის.
როგორც ისინი ამბობენ, ადგილზე დამოუკიდებელი ექსპერტებიც მიიწვიეს, რომლებმაც სიტუაცია შეისწავლეს და თქვეს, რომ ამ ტერიტორიებზე ჰესების აშენება მიზანშეწონილი არ არის:
“აღშფოთებულია იქაური მოსახლეობა. არავის სურს დარიალის მსგავსად მსხვერპლი ვიხილოთ. ნენსკრა ჰესს რაც შეეხება, ნაკრას მდინარე მწვერვალების ძირში მილებით უნდა გადაატარონ და შეუერთონ მდინარე ჭუბრულას, სადაც უნდა აშენდეს ნენსკრა ჰესი. ღმერთმა დაგვიფაროს და კატასტროფა თუ მოხდა, მთელ რეგიონს წალეკავს. აქ შლადი ქანებია, სადაც არ შეიძლება ამ ფორმით მშენებლობა” – ამბობს მანანა საღლიანი.
მისი თქმით, მარტში მოსახლეობას დამოუკიდებელი ექსპერტები ჰყავდა მიწვეული ჰესების აშენების შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგების შესაფასებლად. როგორც სვანეთის მკვიდრი ამბობს, გეოლოგებმა ამ ტერიტორიაზე მსგავსი ჰესების აშენება მიზანშეწონილად არ მიიჩნეს.
როგორც სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის წევრი, დავით გულბანი ამბობს, მოსახლეობის პროტესტის შედეგად, მესტიაში ჭალაჰესის სამშენებლო სამუშაოები ამჟამად შეჩერებულია. უახლოეს მომავალში კი მოსახლეობა კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს, რომელზეც ხელისუფლების წარმომადგენლებსაც მიიწვევენ:
“რამდენიმე დღის წინ დაწყებული საპროტესტო აქციის შედეგად მოხერხდა, რომ სამშენებლო სამუშაოები სრულადაა შეჩერებული. შეთანხმებული ვართ, რომ 16 აპრილის შემდეგ ორმხრივი შეხვედრა გიამართება სპეციალისტებს შორის, როგორც ჩვენი მოწვეული ესპერტების, ასევე მათი სპეციალისტების. მოვითხოვთ, სახელმწიფოც იყოს ჩართული ამ პროცესში” – ამბობს გულბანი.
მისი თქმით, გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, არაზუსტი იყო:
“ამ პროექტმა თავისი ლეგიტიმაცია დაკარგა აგვისტოს მოვლენების შედეგად, როდესაც წყალმოვარდნამ 5-მილიონიანი ზარალი მიაღებინა კომპანიას. გარემოს ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი სრულყოფილი რომ ყოფილოყო, მათ სრულად უნდა ჰქონოდათ ასახული და გათვლილი ყველაფერი. მოქმედი კანონმდებლობით, რამდენადაც მე ვიცი, ეს დოკუმენტი დღეისთვის ძალადაკარგულია და თუ ახლის შემუშვებას აპირებენ, უნდა გაიარონ რევიზია, სადაც აქტიურად ვიქნებით ჩართულნი” – ამბობს გულბანი.
როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მორიგი აქცია თბილისში 14 აპრილს გაიმართება.
ამავე თემაზე:
მესტიაში ჰესების მშენებლობას რამდენიმე თვეა აპროტესტებენ. 5 მარტს სვანეთის თემთა შეკრებამ განცხადებაც გაავრცელა, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველს, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო საფინასო ინსტიტუტებს განცხადებით მიმართა. თემთა შეკრებაში გაერთიანებული 17 თემი იმ საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ჰესების მშენებლობა სვანეთის ბუნებას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსა და მოსახლეობას შეუქმნის.
ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე მესტიაჭალაზე ჰესს Galt & Taggart, ავსტრიულ კომპანია RP Global -თან ერთად, სპეციალურად შექმნილ კომპანია „სვანეთი ჰიდროს“ მეშვეობით აშენებს. უწყების თანახმად, ეს იქნება 30-მეგავატიანი ჰესი, რომელიც წლიურად, საშუალოდ, 100 მლნ კვტ/სთ-ზე მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
მოსახლეობის საპასუხოდ კომპანიაში აცხადებენ, რომ მესტიაჭალა ჰესი არის მწვანე, მცირე ზომის, არადაგუბებითი, მდინარის მოდინებაზე აგებული ჰესი, რომელიც მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ყველაზე უსაფრთხო და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების მქონე.