ახალი ამბები

კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან შეთანხმების პარაფირებას იმსახურებს

23 ოქტომბერი, 2013 • • 1342
კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირთან შეთანხმების პარაფირებას იმსახურებს

ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც თბილისში, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა, ყურადღება გამახვილებულია “აღმოსვალეთის პარტნიორობის საგზაო რუკით” გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო რუკა” საქართველომ და სომხეთმა 2012 წლის მაისში მიიღეს და იგი მოიცავს იმ რეფორმებს, რომელიც უნდა განხორციელდეს 2013 წლის 28–29 ნოემბერს ვილნიუსში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე:

ქეთი ხუციშვილი
ქეთი ხუციშვილი

“სწორედ ამ წელიწადნახევრის მანძილზე მიმდინარე მოვლენებს დავაკვირდით და ვაფასებთ იმას, თუ რამდენად ასრულებს საქართველო ამ რეფორმებს. დღეისათვის მთავარი დასკვნა არის ის, რომ საქართველო უკვე მზად არის იმისთვის, რომ ვილნიუსის სამიტზე მოხდეს ასოცირების შეთანხმების პარაფირება, მაგრამ კიდევ ძალიან ბევრი და სერიოზული რეფორმა იქნება გასატარებელი იმისთვის, რომ შემდგომში მოხდეს შეთანხმებაზე სრული ხელმოწერა, რათა გავხდეთ ევროპული თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი”,  – ცხადებს  “ნეტგაზეთთან” საუბარში ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი.

 

აღნიშნულ ანგარიშში შეფასებულია საგზაო რუკით დადგენილი ვალდებულებების მხოლოდ პოლიტიკური ნაწილი. კერძოდ, გაანალიზებულია შვიდი ძირითადი სფერო: მედიის თავისუფლება, არჩევნები, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერუსაფრთხოება, საზღვრის მართვა და საგარეო პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სასამართლო რეფორმები.

ანგარიშის მიხედვით, პროგრესი შეინიშნება მედიის თავისუფლების სფეროში. ყურადღება გამახვილებულია მედიაპლურალიზმზე, თუმცა აღნიშნულია ის გამოწვევები, რაც მიუკერძოებელ მედიასა და სამომავლოდ დაგეგმილ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას ეხება. როგორც ცნობილია, გეგმის მიხედვით, საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე 2015 წლისთვის უნდა გადავიდეს. ანგარიშის მიხედვით კი, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს:

“ბევრი რამ სრულდება, ბევრი რამ ჯერ კიდევ შესასრულებელია. საგზაო რუკაში განსაზღვრულია რიგი სფეროებისა, სადაც უნდა მომხდარიყო ცვლილება: ეს იყო საარჩევნო სფერო, მედიასფერო, სასამართლო სფერო. ანგარიშის მიხედვით, მედიის თვალსაზრისით არის გაუმჯობესება, თუნდაც ის, რომ თავისუფლების ხარისხი გაიზარდა, მაგრამ პრობლემურია ის, რომ მედია დღემდე რჩება საკმაოდ მიკერძოებულად ამა თუ იმ მიმართულებით და აგრეთვე მომავალი დიგიტალიზაცია… შესაძლოა სერიოზული საფრთხე შეექმნას მედიის შემდგომ განვითარებას, თუკი არ მოხდა დროულად სერიოზული პროგრამის შემუშავება [დიგიტალიზაციასთან დაკავშირებით]”,  – ამბობს ქეთი ხუციშვილი.

 სასამართლო რეფორმის თავში ნათქვამია, რომ ამ სფეროში კვლავ პრობლემად რჩება მისი ფინანსური დამოუკიდებლობა. ასევე არაეფექტურია მოსამართლეთა დაწინაურების სისტემა.

“რაც შეეხება სასამართლოს, ერთი მხრივ, აქ ნათქვამია, რომ გარკვეულწილად გაიზარდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, მაგრამ ჯერ კიდევ სერიოზული პრობლემებია ამ მიმართულებით. ჯერ კიდევ არის პრობლემები მოსამართლეთა ფინანსური დამოუკიდბელობის თვალსაზრისით და ამ მხრივ არის გასაკეთებელი”, – აღნიშნავს ქეთი ხუციშვილი.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზე ხელისუფლებამ პროგრესს მიაღწია, თუმცა, ანგარიშის ავტორების აზრით, ამ რეფორმის განხორციელებისას მნიშვნელოვანი იქნება, თუ ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე ხელისუფლებათა კომპეტენციის გამიჯვნა მოხდება. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ადგილობრივ დონეზე დასაქმებულ საჯარო მოხელეთა შესაძლებლობებისა და უნარ–ჩვევების განვითარება.

ანგარიშს თან ერთვის რეკომენდაციები, რომელთა განხორციელებაც, მისი ავტორების აზრით, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აღნიშნულ სფეროებში არსებული გამოწვევების დაძლევაში:

ევროკავშირი
ევროკავშირი

რეკომენდაციები:

კორუფციასთან ბრძოლა: იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას საქართველოს შემდგომი პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის გზაზე, ხელისუფლებამ საკუთარ თავზე უნდა აიღოს ანტიკორუფციული საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერება, გაუმჯობესებული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის მიღება და მონიტორინგისა და შეფასების სათანადო პროცედურების დამკვიდრება.

საჯარო სექტორში დასაქმებულთა თვითნებური გათავისიუფლების (ფაქტების) პრევენციისა და საჯარო სექტორში კადრების შერჩევისას კონკურენტუნარიანობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით მიღებულ იქნას პრაქტიკული ზომები.

გაგრძელდეს 2014–2016 წლების ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემუშავების ინკლუზიური პროცესი; განახლებული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს შესაბამის სტანდარტებსა და წარმატების გაზომვად მაჩვენებლებს. სამოქმედო გეგმის განხორციელების ანგარიშები შემუშავებულ იქნას რეგულარულად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები განხორციელებულ იქნას სრულად. აღნიშნული პროცესი ასევე უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ წარმოებაზე. სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას სასამართლოს მიენიჭოს გარკვეული უფლებამოსილება, რათა ეფექტურად შეძლოს ბალანსის დაცვა სისხლის სამართლებრივი დევნის დისკრეციულობის პრინციპისა და დაზარალებულთა უფლებებს შორის.

გაგრძელდეს საზღვრის ინტეგრირებული მართვის (IBM) სტრატეგიის განხორციელება. საზღვრის ინტეგრირებული მართვის სტრატეგიის განახლებული სამოქმედო გეგმა დამტკიცებულ იქნას 2013 წლის ოქტომბრამდე და დაიწყოს საზღვრის ინტეგრირებული მართვის ახალი სტრატეგიის შემუშავება.

დღევანდელ კონფერენციაზე, გარდა ქეთი ხუციშვილისა, მოხსენებით წარსდგნენ პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია, რომელიც კვლევის ხელმძღვანელია, ასევე, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ლევან ნატროშვილი, რომელმაც საარჩევნო გარემოს საკითხზე იმუშავა კვლევის ფარგლებში, მედიაანალიტიკოსი ნანა საჯაია (“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”), რომელმაც კვლევის ფარგლებში თავისუფალი მედიის თემაზე იმუშავა, ერეკლე ურუშაძე (საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო), რომელმაც ანტიკორუფციულ პოლიტიკის თემაზე იმუშავა და ლარისა მინასიანი, სომხეთის ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი, რომელმაც ამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეაფასა ევროინტეგრაციის გზაზე არსებული შეფერხებების თვალსაზრისით. გარდა ამისა, კონფერენციის მონაწილე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და ევროპის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის რუსეთთან, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთოს დეპარტამენტის დირექტორმა გუნარ ვიგანდმა მიმართეს.

“ნეტგაზეთის” კითხვას, რამდენი პროცენტით შეასრულა საქართველომ “საშინაო დავალება” ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, ქეთი ხუციშვილი ასე პასუხობს:

“ზუსტად ვერ შევაფასებ, მაგრამ, ალბათ, 70% პროცენტამდე. საქმე რაშია, იცით, ეს ხომ მხოლოდ ერთ ხელისუფლებას არ ეხება, ეს ეხება ორივე ხელისუფლებას. წინა ხელისუფლების ერთ–ერთ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მოხერხდა ნორმალური არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება. ამ ხელისუფლების გარკვეულ წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ წინასაარჩევნო პროცესში შემცირდა, ან თითქმის არ არის ზეწოლა ამომრჩევლებზე, თუმცა სერიოზული პრობლემები აქაც რჩება. როგორც გითხარით, მედია მეტად განთავისუფლდა, მაგრამ მედია საქართველოში დღეს მიუკერძოებელი არ არის, ანუ იმ ევროპულ იდეას ჯერაც ვერ მივაღწიეთ. ასევე, სასამართლო სექტორშიც, გარკვეულწილად შემცირდა დამოკიდბეულება პროკურატურაზე, რაც დადებითი მოვლენაა, მაგრამ სასამართლო სისტემა, როგორც ასეთი, სრულიად დამოუკიდებელი ხელისუფლებისგან ჯერაც არ არის.

რა თქმა უნდა, ქვეყანა იდეალური არ არის, მაგრამ პარაფირება უნდა მოხდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ თუ ამ გზას ავცდით, მომავალი უკვე ძალიან მძიმე იქნება. პარაფირების შემდეგ უფრო რთული ეტაპები იწყება. აუცილებლად უნდა დაიწყოს თვითმმართველობის რეფორმა, რაც არ მომხდარა. უნდა გაგრძელდეს საარჩევნო კანონმდბელობის გაუმჯობესება, უნდა მოხდეს ძალთა გადაბალანსება სახელისუფლებო შტოებს შორის. არის კიდევ ერთი საშიშროება: შესაძლოა პარაფირების შემდეგ კი არ იკლოს რუსეთის ზეწოლამ საქართველოზე, არამედ კიდევ უფრო მოიმატოს, ამიტომ ყველა მზად უნდა ვიყოთ. ყველა მიმართულებით ძალიან სერიოზული პრობლემებია დარჩენილი, მაგრამ ევროპისთვის გასაგებია, რომ თუკი არის გზა ამ პრობლემების მოგვარებისკენ, მაშინ ჩვენ პარაფირებას ვიმსახურებთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი