ახალი ამბები

პრეზიდენტი სახელმწიფო საიდუმლოებას ამჟღავნებს – “საქართველოს მტერმა ეს უკვე იცის ისედაც”

23 ოქტომბერი, 2013 • • 1065
პრეზიდენტი სახელმწიფო საიდუმლოებას ამჟღავნებს – “საქართველოს მტერმა ეს უკვე იცის ისედაც”

“ადრე ეს იყო სახელმწიფო საიდუმლოება, მაგრამ მე ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ იმიტომ, რომ მესმის, რომ საქართველოს მტერმა ეს უკვე იცის ისედაც. 2008 წლის შემდეგ, 2009-ში ჩვენ დავიწყეთ თბილისის გარშემო თავდაცვითი ნაგებობების შენება, ყველგან, თბილისის გარშემო, სიმაღლეზე ჩვენ გავაკეთეთ ბეტონის ბუნკერები და თბილისი დღეს კარგად არის დაცული ამ ბეტონის ბუნკერებისგან და ჩრდილოეთიდან შეტევა თბილისზე დღეს არის ძალიან გართულებული, განსხვავებით 2008 წლისგან.

 

შემდეგ ჩვენ განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ თუ ჩრდილოეთიდან გაუჭირდებოდა რუსეთს შემოსვლა, გამოეყენებინათ ამისთვის მათი ბაზები სომხეთის ტერიტორიაზე და ეს გეგმა მუშავდებოდა რუსეთში და ჩვენ ასევე დავიწყეთ დედაქალაქის აქეთა მიმართულებით, წითელი ხიდის მიმართულებით ფორტიფიკაციების გაკეთება.

 

ამ ფორტიფიკაციების 70% დამთავრებულია, ეს ანტისატანკო თხრილი, 25 კმ ავაშენეთ აქ და დარჩენილი არის სულ რამდენიმე კილომეტრი. ასევე რამდენიმე საფორტიფიკაციო ნაგებობა გაკეთდა თბილისის გარშემო.

 

მე ვესაუბრე გენშტაბის ოფიცრებს და მათ თქვეს, რომ მთავრობაში მათ აუხსნეს, რომ ამ ნაგებობების მშენებლობით ჩვენ ვაღიზიანებთ და პროვოკაციას ვუწევ რუსებს. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მათ გამოვიწვევთ, თუ ვიქნებით დაუცველები. ყოველი ასეთი ფორტიფიკაცია ანელებს და დიდი ხნით ურთულებს  საქართველოს მტერს ყოველგვარ შემდგომ შეტევით ოპერაციებს, ამაზე ჩვენ გამოვიყენეთ უცხოელი ინჟინრებიც, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და ძალიან დიდი ენერგია ჩავაქსოვეთ.

 

მშენებლობა დღეს მთლიანად შეჩერებულია და არსებული ნაგებობების ამუშავება, პრაქტიკულად, მთლიანად საბოტაჟის ქვეშ არის. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული პირდაპირი მავნებლური ქმედება და ამის შესახებ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი