ახალი ამბები

თბილისში უსახლკაროთა თავშესაფარი ამოქმედდება

23 ოქტომბერი, 2013 • • 2303
თბილისში უსახლკაროთა თავშესაფარი ამოქმედდება

თბილისში “იდენტობის” ორგანიზებით იგეგმება თავშესაფრის გახსნა ყველაზე გაჭირვებული, უსახლკარო ოჯახებისა და პირებისათვის, რათა ცივი ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ოჯახები, რომლებიც მცირეწლოვანი ბავშვებით ქუჩაში ცხოვრობენ, გაყინვას გადურჩნენ. 

 

“იდენტობას”თავშესაფრისთვის ფართი, 80 კვ.მ.  კერძო შემომწირველმა თბილისში, ბაგების დასახლებაში უსასყიდლოდ, რამდენიმე წლის ვადით გადასცა.

 

შენობა ამჟამად შავი კარკასის მდგომარეობაშია და ესაჭიროება კეთილმოწყობა. თავშესაფრის ბინადრებისთვის აუცილებელია საწოლები, საძილე საბნები, მინიმალური საკანალიზაციო კეთილმოწყობა და გათბობის დამონტაჟება (ბინაში შეყვანილია გაზი და დენი).

 

“იდენტობა” დახმარებისთვის სამოქალაქო და სასულიერო ორგანიზაციებს, ასევე, მოქალაქეებს მიმართავს რომ გამოიჩინონ ინიციატივა და მომავალი ცივი ზამთრის განმავლობაში ორგანიზაციას თავშესაფრის მცხოვრებთათვის სხვადასხვა მომსახურების გაწევაში დაეხმარნონ.

 

ასევე, თავშესაფარში მოხვედრის გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფისთვის, ორგანიზაცია  დახმარების თხოვნით საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციას მიმართავს.

 

“იდენტობაში” აცხადებენ, რომ საზოგადეობის დახმარება შემდეგ ქმედებებში შეიძლება გამოიხატოს: მოხდეს საკვების და ტანსაცმლის რეგულარული შეგროვება, განხორციელდეს ფინანსურ დახმარების და თანხების მოძიებაში სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზების გზით. მოხდეს ფსიქოლოგიური, სამედიცინო, სოციალური, იურიდიული და სხვა მომსახურების უსასყიდლოდ გაწევა.  ასევე, მეთვალყურეობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; თავშესაფრისთვის გრძელვადიანი განვითარების გეგმის შემუშავება(პროგრამებისა და სერვისების განვითარება, თავშესაფრის მოდელის ჩამოყალიბება).

 

“იდენტობა” უახლოეს მომავალში საორიენტაციო შეხვედრის მოწყობას გეგმავს.

 

“ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა” 2013 წლის 18 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს წინ აქცია, სახელწოდებით – “შეიფარე დღეს!” – გამართა, რომლითაც უსახლკაროების პრობლემების მოსაგვარებლად ბიუჯეტში თანხის გათვალისწინება, თავშესაფრების მოწყობა და უსახლკაროების რაოდენობის აღრიცხვა მოითხოვეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი