“თბილისის იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მშენებლობაზე, შპს „ნიუ კონსტრაქშენის“ მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს საკუთარი შემოსავლებიდან გამოიყოს 230,052.15 ლარი.
განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნული თანხის ანაზღაურების ვადებისა და პირობების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გააფორმოს შეთანხმება შპს „ნიუ კონსტრაქშენთან“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.
იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე ყველანაირი ავტომანქანის პარკირება 2013 წლის 2 აპრილს აიკრძალა.
“პარკინგის დროებით დახურვის გადაწყვეტილება კი მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით იქნა მიღებული. იუსტიციის სახლი მომხმარებელს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის,“- განაცხადა იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანი გიგინეიშვილმა.