ახალი ამბები

ივანიშვილი: სამართლიანობის აღდგენის პროცესი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს

23 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: სამართლიანობის აღდგენის პროცესი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს

“მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, რომ არ არის ეს ჩემი ინტერესი, რომ მხოლოდ სასჯელზე ვფიქრობდეთ. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენი საქართველო გაერთიანდეს და პროგრესისაკენ სწრაფვა დავაჩქაროთ, ამ მხრივ, ჩვენი ხედვები ერთმანეთს აბსოლუტურად დაემთხვა. მე დავარწმუნე ისინი, რომ ჩვენი ხედვები არ განსხვავდება და თანხვედრაში მოდის იმასთან, რაც მათ სურთ. მადლობაც გადავუხადე იმისათვის, რომ წლების განმავლობაში მხარს გვიჭერენ. მათ აქვთ სურვილი, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში და ის განცდა, რომ უკან ყურებით ჩვენ ამ ტემპებს დავკარგავთ და არ უნდა გაგრძელდეს ეს პროცესები დიდხანს, საზოგადოებამ უნდა მოვახერხოთ და სწრაფად დავბალანსდეთ, სწრაფად დავივიწყოთ ცუდი წარსული და უფრო მეტი ვიყუროთ წინ. ამაში ჩვენ გვაქვს აბსოლუტური თანხვედრა. ჩვენ სამივენი ასე ვფიქრობთ და, რა თქმა უნდა, მე მათ ვეთანხმები – საზოგადოებამ უნდა მოვახერხოთ გაერთიანება, უნდა ჩავიცხროთ აგრესია,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რადოსლავ შიკორსკისა და კარლ ბილდტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.


ივანიშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ არსებობს საკითხები, რაშიც მისი შეხედულებები არ იყო თანხვედრაში პოლონეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიციასთან:


“ისეც არ გაიგოთ, რომ რამე გარანტიები დავდე, მე კარგად ავუხსენი მათ სიტუაცია, სხვაობა ჩვენს ხდევებში რაც არის, ის დავაფიქსირე. მათ ნაკლებად იციან ჩვენი შიდა სიტუაცია და ეს ნორმალურიცაა. სწორედ ამას ვცდილობდი, რომ მეჩვენებინა, რომ არ არის ეს მარტივად და არის სამართლიანობის აღდგენის განცდა საზოგადოებაში, რომელიც უნდა დავიყვანოთ მინიმუმამდე და რაც შეიძლება სწრაფად დავამთავროთ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი