“ობიექტივის” მაუწყებლობის შეჩერების მიზეზი, შპს “საქართველოს ტელერადიო ცენტრის” ინფორმაციით, ცენტრის მიმართ “სტერეო პლუსის” დავალიანებაა, რომლის სიხშირეზეც მედიაკავშირი “ობიექტივი” მაუწყებლობს.
“სტერეო პლუსის” წარმომადგენლის, დავით ზილფიმიანის თქმით, ის ტელეფონით ესაუბრა უკვე “საქართველოს ტელერადიო ცენტრს” და გადაწყდა, რომ ჩვეულ რეჟიმში დღეიდან განაგრძობს “ობიექტივი” მაუწყებლობას. დავალიანების დაფარვას კი საქართველოში დაბრუნების შემდეგ, რამდენიმე დღეში გაგემავს.
ობიექტივის თანამშრომლების თქმით, დავალიანების შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მაუწყებლოს შეწყვეტას არ ელოდნენ.
“დანაშაულია ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 4-5 დღით ადრე. თავისუფლად შეიძლებოდა საკითხი უფრო ცივილიზებულად გადაწყვეტილიყო და ტელევიზია არ გამორთულიყო. ეს თანხა დაიფარება, ყოველთვიური გადასახადი რაც არის, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ არჩევნების წინ არ უნდა გამოირთოს ტელევიზია. მოსახლეობა არის განსაკუთრებულად მობილიზებული, ის ტელევიზიების მხრიდან ობიექტურ ინფორმაციას ელოდება,”- ამბობს ირმა ინაშვილი.
“ვადასტურებთ, რომ გვაქვს მეორე თვის ჩამორჩენა ტელეცენტრთან და ჩვენგან არის მზაობა ამ თანხის გადახდის, უბრალოდ, მე ამჟამად ვაშინგტონში ვიმყოფები და ამ გადარიცხვას ვერ გავაკეთებ. ერთ კვირაში ჩამოვალ და ამას ავუნაზღაურებ,”- აცხადებს პირველ არხთან სატელეფონო საუბარში დავით ზილფიმიანი.
ობიექტივის მაუწყებლობის შეჩერებას ფეისბუქით გამოეხმაურა კოკა ყანდიაშვილი, მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. მისი თქმით, არჩევნებამდე მაუწყებლობა არ უნდა ითიშებოდეს.
“ირმა – ეს წუთია შევიტყვე თქვენი ტელეკომპანიის ამბები. ყველაფერი, რითაც შესაძლებელია, რომ მე – ერთი მოქალაქე, თქვენ მხარში ამოგიდგეთ ამ გასაჭირში – გავაკეთებ! მზად ვარ – ხვალვე შევხვდეთ. როგორი ვითარებაც არ უნდა იყოს – დაუშვებელია, არჩევნებამდე 5 დღით ადრე, ითიშებოდეს “ობიექტივის” მაუწყებლობა. მგონია რომ გამოსავალი არსებობს – და ყველა ერთად მოვახერხებთ ამ სირთულის დაძლევას,”- წერს ყანდიაშვილი.