დღეს, 22 ოქტომბერს, „ქორთიარდ მარიოტში“ იუსტიციის სამინისტრომ შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების პრეზენტაცია გამართა.
წარმოდგენილ პროექტში ყურადღება ისეთ საკითხებზე მახვილდება, როგორიცაა: თანაბარი შრომის პირობებში თანაბარი ანაზღაურება ქალებისა და კაცებისთვის; ქალთა წინააღმდეგ შრომითი დისკრიმინაციის აღმოფხვრა; ცვლაში მუშაობისას განსაზღვრული სამუშაო დროს დარეგულირება; ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას თანხმობის სავალდებულოობა; ღამით მუშაობის შეზღუდვა ქალთა განსაკუთრებული კატეგორიისთვის; დამატებითი შესვენება მეძუძური ქალისთვის; შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და სხვა.
შეხვედრაზე გარკვეული სახის პრეტენზიები კანონპროექტის მუხლებთან დაკავშირებით, როგორც დამსაქმებელთა, ასევე, დასაქმებულთა წარმომადგენლებმა გამოთქვეს.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე ამბობს, რომ ცვლილებებმა დამსაქმებელში ქალის სამსახურში აყვანის უსურვილობა არ უნდა გამოიწვიოს:
„დღეს წარმოდგენილი პრეზენტაცია ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა. მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, ცვლილებები იყოს ისეთი ფორმის, რომ მან არ გამოიწვიოს მოტივაციის გაზრდა ქალბატონებში, რომ, დავუშვათ, არ განვვითარდეთ პროფესიულად, ან იმ მოტივაციის გაზრდა, რომ დამსაქმებელი დაფიქრდეს ქალბატონის მიღებაზე სამსახუში. ჩვენი საზოგადოების საერთო მიზანია, ქალბატონების შრომის ღირსეული პირობები და მათ ზარდონ შვილები. დღესაც ბევრი დამსაქმებელი ყოველმხრივ ეხმარებიან მათთან დასაქმებულ ქალბატონებს და უქმნიან შესაბამის პირობებს, მიუხედავად იმისა, რომ ამას კანონმდებლობა არ მოითხოვს. ჩვენ დღეს პირველად ვნახეთ ეს პროექტი, მას მივაწოდებთ ჩვენს წევრ კომპანიებს, მივიღეთ შესაბამის რეკომენდაციებს, რომლებსაც მივაწოდებთ სამინისტროს.”
საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თამჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ პროფკავშირები იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობდნენ ცვლილებების პროექტზე და მუხლების ნაწილი მათთვის მისაღებია, თუმცა დეკრეტული შვებულების ნაწილში არსებული კონცეფციები მისთვის მიუღებელია.
რაც შეეხება ზოგადად პროექტის შეფასებას, პეტრიაშვილის თქმით, პროფკავშირი პროექტს სრულიად შეისწავლის და პოზიციას ამის შემდეგ დააფიქსირებენ:
„დეკრეტული შვებულების ნაწილში სიტუაცია ისევ რთულია. გაუარესებით არ გაუარესებულა, მაგრამ გამოსწორებით არაფერი გამოსწორებულა. ადრე იყო 600 ლარი და ახლა 1000 ლარია. ცვლილებებამდე იყო თვეში 150 ლარი და ახლა, 6 თვეზე თუ ვიანგარიშებთ, 160 ლარი გამოდის. არაფერი შეცვლილა. ჩვენ ვთვლით, დეკრეტული შვებულება უნდა იყოს ერთი წელი და თვეში შემოსვალი უნდა იყოს ხელფასის 2/3 ნაწილი.“
პეტრიაშვილი მთავარ პრობლემას შრომითი ინსპექციის არარსებობაში ხედავს. როგორც ის განმარტავს, პარლამენტის მიღებული კანონი ხორციელდება თუ არა:
„უნდა არსებობდეს შრომის ინსპექცია, ან რაიმე მსგავსი უწყება, რომელიც იქნება ამბიციური. დააკვირდეს, ხელისუფლების მიერ მიღებული კანონი მოქმედებს თუ არა და იცავენ თუ არა მას. ზეგანაკვეთურ სამუშაოებთან დაკავშირებით შეგიძლიათ სხვადასხვა უწყებაში ნახოთ ეს, რომ კანონი არ სრულდება და არ სრულდება იმიტომ, რომ არ არსებობს შრომის ინსპექცია.“
გამოთქმული პრეტენზიების საპირწონედ იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე აცხადებს, რომ წარმოდგენილი პროექტი იდეალური არ არის და ის სამუშაო ვერსიას წარმოადგენს:
„ჩვენ პროექტი იმისათვის გავაცანით ყველა დაინტერესებულ პირს, რომ მივიღოთ რეკომენდაციები, შენიშვნები ცალკეულ დებულებებთან, მუხლებთან, თუ პრინციპებთან დაკავშირებით, რომ შემდგომში კანონპროექტი გავაუმჯობესოთ. ბუნებრივია, რომ კითხვები არსებობს და ამ კითხვებს დისკუსიის ფორმატში უნდა გაეცეს პასუხი.“
რაც შეეხება შრომით ინსპექციას, ბარამიძე მიიჩნევს, რომ ის უნდა აღდგეს, თუმცა არა იმ ფორმით, როგორც საბჭოთა კავშირის პრაქტიკაში არსებობდა:
„ამაზე ვმუშაობთ. შრომითი ინსპექცია უნდა იყოს იმ სახის, როგორც ცივილიზებულ სამყაროში არსებობს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამსახურია და მისი შემოღება შეცვლილი კანონპროექტების პრაქტიკაში განხორციელების შემოწმების კუთხითაც არის მნიშვნელოვანი.“
პრეზენტაციაზე კითხვები სამსახურში ასაყვანი კანდიდატის პერსონალური ინფორმაციის ფლობაზეც გამოითქვა. კერძოდ, საუბარია გასაუბრებაზე დასასმელი კითხვების შესახებ- მის ოჯახურ მდგომარეობაზე, ბავშვის გაჩენასთან დაკავშირებულ გეგმებზე და სხვა.
საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი ზურაბ გვასალია მიიჩნევს, რომ როცა პირი თანამშრომლად აგყავს და აპირებ, სალაროსთან იმუშაოს, მის შესახებ ინფორმაცია გჭირდება:
„იყო საუბარი იმაზე, რომ თუ არ გჭირდება, არ უნდა შეეკითხოს ქალბატონს, გათხოვილია თუ არა, შვილი ყავს თუ არა და სხვა. არის თანამდებობები ბანკში, სადაც აუცილებელია იცოდე მისი ოჯახის წევრები, რა წრეში არიან, სად მოღვაწეობენ და რას აკეთებენ, იმიტომ, რომ თუ ეს ბოლომდე არ იქნეა გამოკვლეული, ის ქალბატონი, დავუშვათ, სალაროში დაამწესო სამუშაოდ, ან მოლარე–ოპერატორად. ეს ისეთი სპეციფიკური სამუშაო არის, რომ ვალდებული ხარ იცოდე, როგორია მისი ოჯახური მდგომარეობა ამ მხრივ.“
სანდრო ბარამიძე მიიჩნევს, რომ დასასმელი კითხვა სამსახურთან დაკავშირებით რელევანტური უნდა იყოს:
„აქაც არის საჭირო დაბალანსებული მიდგომა, ასეთი რამ ისედაც დევს პროექტში, რომ თუ არ არის სამუშაოსთან დაკავშირებით კითხვა რელევანტური, მაშინ კითხვა არ უნდა დაუსვა, მაგრამ თუ არის რელევანტური, უნდა დაუსვა. მაგალითად, როდესაც ერთ–ერთმა გამომსვლელმა თქვა, თუკი ღამის ცვლაში ამყავს ადამიანი სამსახურში, ჩემთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, არის თუ არა ის ფეხმძიმედ, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში კითხვა არის რელევანტური.“
