ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში მოსახლეობას 1 კგ. ფაროსანას შეგროვების სანაცვლოდ ფულს გადაუხდიან

27 მარტი, 2018 • 3421
აფხაზეთში მოსახლეობას 1 კგ. ფაროსანას შეგროვების სანაცვლოდ ფულს გადაუხდიან

აფხაზეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო საკითხების სხდომაზე, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ერთ-ერთ კომპონენტად, მოსახლეობას ხოჭოს შეგროვება და ფულის სანაცვლოდ ჩაბარება შეთავაზეს.

როგორც რუსმა სპეციალისტებმა სხდომაზე განაცხადეს, სწორი  მიდგომით და კომპლექსური მოქმდებებით, წლის განმავლობაში ფაროსანას რიცხვის არსებითად შემცირება შეიძლება. სხვა შემთხვევაში რუსეთის ბაზარი აფხაზური სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის დაიხურება.

1000 რუბლს [დაახლოებით, 18 აშშ დოლარი] გადაუხდიან 1 კილოგრამი ფაროსანასთვის ყოველ მოქალაქეს. მოქალაქეებმა შეგროვებული ფაროსანა მასთან ბრძოლის შტაბში უნდა ჩააბარონ.

რუსული მხარის მოთხოვნით, აფხაზეთში ფაროსანა წლის განმავლობაში უნდა განადგურდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცერთი სოფლის მეურნეობის პროდუქცია რუსეთის ტერიტორიაზე აფხაზეთიდან ვერ შევა.

რუსი მკვლევარები ამბობენ, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნება კავკასიის რეგიონში, რამდენადაც სხვა შემთხვევაში ფაროსანა ჩრდილოეთისკენ დაიძრება.


აზიური ფაროსანის პრობლემაზე აფხაზეთში ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ მოკვლევა ჩაატარა. მოკლევის შესაბამისად, აზიური ფაროსანის მიერ მიყენებული ზარალი აფხაზეთში კოლოსალურია: “ბევრმა ფერმერმა გალში, სოხუმისა და გულრიფშის რაიონებში საერთოდ ვერ აიღო მოსავალი, რადგან უკვე დაზიანებული იყო. ოჩამშირეშიც ყოველკვირა იმატებს რაოდენობა. ამჟამად მისი გავრცელების პიკია. თხილის პარალელურად ყურძენზე, სიმინდსა და ლეღვზე გადავიდა. ასე თუ გაგრძელდება, ციტრუსზეც გადავა. რატომღაც არ უყვართ კივი და ფეიხოა, ასევე, ბაღჩეული და სალათის ფურცლები. დანარჩენ ყველაფერს ანადგურებენ. 80-90% ამ მავნებლითაა დაფარული”.

მასალების გადაბეჭდვის წესი