საარჩევნო კამპანიის განმავლობაში საზოგადოებამ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის გამართული მხოლოდ ერთი სატელევიზიო დებატები იხილა. არის თუ არა საკმარისი ეს კანდიდატების ძალების შესაფასებლად და რა იყო დებატების ნაკლებობის მიზეზი?
“რა თქმა უნდა, არა. ეს ერთი დებატი არ იყო საკმარისი. როდესაც პერსონალურ არჩევანს აკეთებ, ასეთია საპრეზიდენტო არჩევნები, მერის არჩევნები, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული პერსონა ამომრჩევლის წინაშე წარსდგეს თავისი ყველა ღირსებით და ნაკლით. საჭიროა, რომ გარდა პროგრამის წარდგენისა, მოხდეს მისი დაპირისპირება კონკურენტებთან”, – აცხადებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე, რომლის თქმითაც, ქართულმა ტელევიზიებმა ნაკლებად იაქტიურეს იმისათვის, რომ საზოგადოებისათვის კანდიდატებს შორის კლასიკური, 3–4 რაუნდიანი დებატები ეჩვენებინათ.
ტელეკომპანიების საზოგადოებრივ–პოლიტიკური ტოკ–შოუების წარმომადგნელები კი აცხადებენ, რომ ძირითად საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დებატების მოწყობის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა ეს უშედგოდ დასრულდა:
“მაგალითად, ჩვენ გვინდოდა გიორგი მარგველაშვილის და დავით ბაქრაძის დებატები, რაზეც უარი მივიღეთ მარგველაშვილისგან და ბაქრაძეს აღარც შევთანხმებივართ. ასევე, იყო მცდელობა, რომ ნინო ბურჯანაძეს უნდოდა მარგველაშვილთან, რაზეც ასევე უარი მივიღეთ [მარგველაშვილისგან]. ჩვენ გვინდოდა ასეთი დებატები, მაგრამ ეს არ გამოდის და ამიტომ ცალ–ცალკე მოვიწვევთ კანდიდატებს”, – აცხადებს “რუსთავის 2″–ის ტოკ–შოუ “პოზიციის” პროდიუსერი სოფო ბუკია. მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მმართველი კოალიციის კანდიდატი დებატებზე არ დასთანხმდათ, მათ სხვა კანდიდატებს შორის ასეთი ტიპის შეხვედრის მოწყობის მცდელობა აღარ ჰქონიათ:
“პირველ რიგში, საინტერესოა დებატები მთავარ კანდიდატებს შორის – სახელისუფლებო კანდიდატი არ მოდის. სხვა არ გვიცდია. ერთხელ იყო მცდელობა, რომ სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც არ არის კანდიდატი, შესთავაზა ნინო ბურჯანაძეს დებატები. ვთქვით, რომ ღია ვართ ამ ეთერისთვის, მაგრამ ბურჯანაძემ უარი გვითხრა”, – ამბობს იგი.
“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის პრესსამსახურის უფროსი ბაკურ ბაკურაძე ამბობს, რომ ნინო ბურჯანაძეს გიორგი მარგველაშვილთან სურდა დებატები. კითხვას, რატომ არ დათანხმდა იგი სხვა კანდიდატებთან დებატებს, ბაკურაძე აცხადებს, რომ სხვები, მათ შორის, არც დავით ბაქრაძე, ბურჯანაძის მთავარი კონკურენტები არ არიან. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, ბაკურაძის განცხადებით, მასთან ნინო ბურჯანაძის დებატები გამორიცხული იყო, რადგან ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატი არ არის:
“ნინო ბურჯანაძემ გამოიწვია მარგველაშვილი დებატებში, თუმცა ის ამაზე არ დათანხმდა. ყველა ტელევიზია მზად იყო, რომ ამ დებატებისთვის ეთერი დაეთმო. ძალიან ცუდია, რომ მარგველაშვილმა ვერ გარისკა ნინო ბურჯანაძესთან დებატები”.
გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის პიარ-სამსახურის უფროსი შალვა რამიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში მარგველაშვილის მიერ ზემოხსენებულ დებატებზე უარის თქმის მიზეზს ასე ხსნის:
“რამდნეიმე ტელევიზიამ შემოგვთავაზა [დებატები], არც მახსენდება, კონკრეტულად რომელმა, მაგრამ მახსოვს, რომ იყო შემოთავაზება, თუმცა ჩვენ ვთქვით, რომ მივიღებდით მონაწილეობას “პირველი არხის” ფორმატით გამართულ დებატებში და ეს მოხდა კიდევაც. “პირველმა არხმა” საერთაშორისო სტანდარტების მქონე დებატები ჩაატარა. ინდივიდუალურ დებატებზე ჩვენ თანახმა არ ვიყავით, იმიტომ, რომ, ცხადია, გიორგი მარგველაშვილი არის უდავო ფავორიტი, იგი გახდება პრეზიდენტი პირველივე ტურში, შესაბამისად, რომელიმე კანდიდატის გამორჩევა და მისთვის მარკის თუ რეიტინგის აწევა ჩვენს ამოცანაში არ შედიოდა”.
გარდა “რუსთავი 2″–სა, “ნეტგაზეთთან” საუბარში კიდევ რამდენიმე ტელევიზიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კანდიდატებს შორის დებატების გამართვის მცდელობა მათაც ჰქონდათ, თუმცა უშედეგო:
“ჩვენ, “მაესტროს”, რა თქმა უნდა, გვქონდა მცდელობა, რომ ჩვენს ეთერში ყოფილიყო მსგავსი ტიპის შეხვედრები, დებატები, მაგრამ თვითონ კანდიდატებს ჰქონდათ გადაწყვეტილი, რომ წასულიყვნენ “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ამ ფორმტაში სასაუბროდ. შესაბამისად, არ გვხვდა ეს ბედნიერება წილად”, – ამბობს ნინო ჟიჟილაშვილი, რომელიც “პოლიტმეტრს” წარმოადგენს.
აღნიშნული გადაცემის პროდიუსერი გიორგი დარჩაშვილი კი აცხადებს, რომ “პოლიტმეტრის” შეთავაზებაზე, გამართულიყო დებატები, მხოლოდ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა თანხმობა, რომელიც “პირველი არხის” ზემოხსენებულ გადაცემაში მონაწილეობას არ იღებდა:
“თუმცა ჩვენ უარი მივიღეთ “ოცნებიდან” და “ნაციონალური მოძრაობიდან”, რომ ბურჯანაძესთან დებატებში მიეღოთ მონაწილეობა. სხვა კანდიდატებთან დაკავშირებითაც იყო მცდელობა, მაგრამ დაბალრეიტინგული კანდიდატს არ უჯდება მაღალრეიტინგული კანდიდატი, ეს იყო პრობლემა. აქედან გამომდინარე, ამ ტიპის დებატებიც ვერ შედგა. მაგალითად, პირობითად რომ ვთქვათ: ნინო ბურჯანაძე სერგო ჯავახიძეს დებატებში არ დაუჯდა”.
გადაცემა “დიდი პოლიტიკის” წამყვანი ინგა გრიგოლია კი აცხადებს, რომ ჟურნალისტიკაში დაბრუნების შემდეგ ახალი რეალობა აღმოაჩინა. მისი თქმით, არათუ საპრეზიდენტო კანდიდატებს არ სურთ ერთმანეთის პირისპირ დებატებში მონაწილეობის მიღება, არამედ ასეთი სურვილი კანდიდატების თანაგუნდელებსაც კი არ აქვთ:
“დებატზე ჩვენი პროდიუსერი ცდილობდა რაღაცებს და არ გამოვიდა. მაგალითად, არც რეიტინგის პირველ სამეულთან
გამოვიდა რამე და გაგიკვირდებათ, რომ არც რეიტინგის ქვედა ადგილებზე მყოფი კანდიდატები დაგვთანხმდნენ იმაზე, რომ ერთმანეთთან დამსხდარიყვნენ. არ ვიცი… ახალი რეალობა აღმოვაჩინე. ზოგადად, ძალიან ჭირს, მარტო ასეთი ტიპის დებატებზე არ მაქვს საუბარი, ძალიან ჭირს პოლიტიკოსები, რომ ერთმანეთს დაუსხდნენ და თუნდაც თავისი საპრეზიდენტო კანდიდატების თემებზეც რომ იდებატონ. მართლა ძალიან ჭირს. შეიძლება უფრთხიან იმას, რომ სარჩევნო კამპანიის პერიოდია, არ ვიცი, მაგრამ მე პირადად “რესპუბლიკელების” და ზვიად ძიძიგურის გარდა დებატზე ვერავინ დავითანხმე. აქედან გამომდინარე, მიხვდებით, რამდენად რთულია საპრეზიდენტო კანდიდატების ერთმანეთთან დებატების ორგანიზება. ეტყობა, ძალიან უფრთხიან, როგორც ასეთი, ერთმანეთის პირისპირ დადგომას, გამომდინარე არსებული მონაცემებიდან, ანუ გარანტირებულად მეორე ტური იქნება თუ არ იქნება, ამაზეც კი ვერავინ ლაპარაკობს. მე, სამწუხაროდ, დებატი არ გამომივიდა”, – აცხადებს გრიგოლია ჩვენთან საუბარში და დასძენს, რომ იგი მიმდინარე კვირის განმავლობაში აპირებს, საარჩევნო კვალიფიციურ სუბიექტებს დაუთმოს ეთერი, თუმცა არა დებატების, არამედ ინდივიდუალურ ფორმატში.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებს შორის დებატები 17–18 ოქტომბერს გაიმართა. მასში 7–მა კვალიფიციურმა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა. საპრეზიდენტო კანდიდატები ორ ნაწილად დაჯგუფდნენ: გიორგი მარგველაშვილმა, გიორგი თარგამაძემ, დავით ბაქრაძემ და ზურაბ ხარატიშვილმა 17 ოქტომბერს იდებატეს, ხოლო 18 ოქტომბერს – თეიმურაზ მჟავიამ, კობა დავითაშვილმა და სერგო ჯავახიძემ. მათთან ერთად დებატებში მონაწილეობა ბურჯანაძესაც უნდა მიეღო, თუმცა მან პროტესტის ნიშნად ამაზე უარი თქვა, რადგან ამ უკანასკნელს მარგველაშვილთან სურდა დებატები.
“საზოგადოებრივ მაუწყებელში” გამართულ დებატებში კანდიდატებს მიეცათ თანაბარი დრო, ეპასუხათ ერთსა და იმავე შეკითხვებზე და ასევე, თავად კანდიდატებს მიეცათ მხოლოდ ერთი კითხვის დასმის უფლება მათთვის სასურველი ერთი კონკურენტისთვის.
ზვიად ქორიძე ფიქრობს, რომ მხოლოდ ერთი, ისიც ერთრაუნდიანი დებატები საარჩევნო კამპანიისთვის ცოტაა. ამასთან, მისივე თქმით, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში გასული დებატები უფრო საინფორმაციო ხასიათის იყო, ვიდრე თემატური:
“როგორც წესი, ერთრაუნდიანი დებატი არსად არ იმართება, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტობის კანდიდატებს აქვთ ხოლმე განცდა, რომ ამომრჩევლებს შესთავაზონ ორი მიდგომა: ერთი – მე ვარ ძალიან კარგი, ან მეორე მოდელი: შენ ხარ ძალიან ცუდი, და ასე წარმართონ პროცესი. როდესაც შენ უკვე თემატურ დებატებს სთავაზობ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულად საგარეო პოლიტიკურ ასპექტებზე იქნება დებატი, შეიძლება საგარეო პოლიტიკური ასპექტების უფრო მეტად ლოკალიზებაც მოხდეს, მაგალითად, დავიდეს საქართველო – ევროკავშირის, ან საქართველო – რუსეთის ურთიერთობებზე. ასეთი ვიწრო სპეციფიკური დებატი შეიძლებოდა, რომ გამართულიყო, თუნდაც იმ მანდატიდან გამომდინარე, რაც პრეზიდენტს ექნება”, – აცხადებს იგი.
ზვიად ქორიძის განცხადებით, მიუხედავად ტოკ–შოუების წარმომადგენლების განცხადებებისა, მას რჩება შთაბეჭდილება, რომ ტელევიზიებმა დებატების ორგანიზების საკითხზე ნაკლებად იაქტიურეს:
“როგორც წესი, განვითარებულ, დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთ დებატებს აწყობენ ამომრჩეველთა ჯგუფები. ასე ხდება აშშ–ში, ასე ხდება ბრიტანეთში. ეს ძალიან კარგი მოდელია და ნიშნავს იმას, რომ ამომრჩეველი არის აქტიური. მეორე მომენტია ის, რომ თავად ტელევიზიები არიან ასეთი დებატების მთავარი სპონსორები. ამ შემთხვევაში ტელევიზიებს უნდა გამოეჩინათ ასეთი ინიციატივა და გაეშალათ ფართო საზოგადოებრივი კამპანია, რომ ისინი სთავაზობენ თემატურ დებატებს იმ კანდიდატებს, რომლებიც კონკრეტული სოციოლოგიური კვლევის, ცესკოს გადაწყვეტილების თუ საკუთარი გამოკითხვების საფუძველზე შეარჩიეს. შეეძლოთ თემატური დებატები შეეთავაზებინათ მათთვის, თუმცა მათ ეს არ გაუკეთებიათ. მე არ მახსენდება არც ერთი ტელევიზიის განცხადება. არ ვიცი, პროდიუსერები ვის უკავშირდებოდნენ და ასე შემდეგ, მაგრამ ოფიციალური განაცხადი, რომ ჩვენ პრეზიდენტობის კანდიდატებს მოვუწოდებთ მიიღონ მონაწილეობა 3–4 რაუნდიან თემატურ დებატებში [არ მახსენდება]. ეს უნდა ყოფილიყო ძალიან სერიოზული კამპანია, ამაში უნდა ჩაერთოთ საზოგადოებრივი ჯგუფები და თავად ის ჯგუფები, რომლებმაც ეს კანდიდატები წამოაყენეს. ის, რომ ცალკე აღებულ რომელიმე ტოკ–შოუში ორი ან სამი კანდიდატი შეიძლება დაჯდეს, ამას შესაძლოა არ ჰქონდეს დებატის ეფექტი. ეს უფრო დისკუსია იქნება. დებატს სხვა სტანდარტები აქვს”, – განაცხადა ქორიძემ და დასძინა, რომ ასეთი დებატი კომერციული ტელევიზიებისთვის ფინანსურადაც მომგებიანი იქნებოდა, რადგან მაყურებელს მიიზიდავდა.