ახალი ამბები

ლაფანყურის საქმის შემსწავლელი საზოგადოებრივი საბჭოს 11 წევრის ვინაობა ცნობილია

22 ოქტომბერი, 2013 •
ლაფანყურის საქმის შემსწავლელი საზოგადოებრივი საბჭოს 11 წევრის ვინაობა ცნობილია

საბჭოს შემადგენლობა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა დღეს, 22 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე დაასახელა, ესენი არიან: სოსო ცისკარიშვილი, ლია მუხაშავრია, უმარ იდიგოვი, ზაურ გუმაშვილი, ხასო ხანგოშვილი, მურად ქავთარაშვილი, ვახტანგ მაისაია, კახა კახიშვილი, მამუკა არეშიძე, თამარ გაბისონია და გელა ნიკოლაიშვილი.

 

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საბჭო ამ შემადგენლობით მუშაობას ხვალიდან შეუდგება და მათ მიერ მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალური იქნება სპეციალური ანგარიშის მომზადებამდე:

 

უჩა ნანუაშვილი
უჩა ნანუაშვილი

“საქართველოს სახალხო დამცველი რამდენიმე თვეა სწავლობს სპეცოპერაციის შედეგად ადამანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებს, გამოძიების პროცესში არსებული ხარვეზების თაობაზე მითითებულია სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში. იმ პირობებში, როდესაც სპეცოპერაციის დროს დაზარალებულთა ოჯახის წევრებს კვლავ გააჩნიათ მრავალი ლეგიტიმური და ამ დრომდე პასუხგაუცემელი კითხვა, ამასთან არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ისეთი საკითხებისადმი, როგორიცაა სპეცოპერაციის დაგეგმვისა და სისრულეში მოყვანის პროცესი, სახალხო დამცველი ვერ დარჩება გულგრილი, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაში მოვა ომბუდსმენის, როგორც ინსტიტუტის არსებობის ძირითად სულისკვეთებასთან”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

მისი თქმით, სწორედ ამ ფაქტების გათვალისწინებით შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს დაზარალებულთა ინტერესების წარმოჩენაზე და გამოძიების პროცესის დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ წარმართვის აუცილებლობაზე. ჯგუფს კოორდინაციას გაუწევს თავად სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.

 

ნანუაშვილის განცხადებით, საბჭო ითანამშრომლებს გამოძიებასთან:

 

“მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიმართ გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები მაქვს, რადგან იმაზე მეტხანს გაგრძელდა, ვიდრე საჭირო იყო, ჩვენ ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან და მივაწოდებთ ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას”, – აცხადებს უჩა ნანუაშვილი. მისი თქმით, პანკისის ხეობის წარმომადგენელთა ჩართვით შესაძლოა დამატებითი ინფორმაციის მოპოვება და ფაქტების დოკუმენტირება:

 

“საბწოს წევრები არიან ექსპერტები, რომელბსაც აქვთ ამ საკითხის ცოდნა, მნიშვნელოვანია პანკისის ხეობის წარმომადგენლების ჩართვაც, ნდობა ქართველ და ჩეჩენ ხალხს შორის უნდა აღდგეს”, – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

 

ლაფანყურის სპეცოპერაციის შემსწავლელი საზოგადოებრივი საბჭოს შემადგენლობაში არ შედიან არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენლები. 

 

როგორც უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, საბჭოს მუშაობაში ამ ორი ორგანიზაციის ჩართვაზე საუბარი არ ყოფილა:

 

“ჩვენ დავუკავშირდით მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ პირებს, ვინც არიან საბჭოს წევრები. რაც შეეხება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ვინაიდან საია იცავს დაზარალებულთა ინტერესებს, შესაძლოა ყოფილიყო ინტერესთა კონფლიქტი, ხოლო საერთაშორისო გამჭვირვალობას არ დავკავშირებივართ”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი