იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების ნაწილი ვერ გაერკვა, რაში უნდა გამოიყენოს დამოუკიდებლობა:
“ვერც ერთ პროცესს, რომელიც დასრულებული არ არის, მე ვერ შევაფასებ, თუმცა ფაქტია, რომ წინა წლის არჩევნების შემდეგ ზოგიერთი მოსამართლე, ეს ყველას არ ეხება, მათი ხელმძღვანელების მეთაურობით, ვერ გაერკვნენ, რაში უნდა გამოიყენონ დამოუკიდებლობა. დამოუკიდებლობა მათ უნდა გამოიყენონ საქმისადმი ერთგულებაში და ობიექტურად გადაწყვიტონ ყველა საქმე. ცხადია, ნებისმიერი მიკერძოების ტენდეცია არის დასაგმობი ყველას მხრიდან, იქნება ეს ქვეყნის შიგნით, თუ ყველას გარეთ.”
იუსიტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე, რომელიც კვლევის პრეზენტაციას დაესწრო, მიიჩნევს, რომ ტენდეციები არის ძალიან დადებითი:
„ეს ჩვენ გვახარებს. ეს იმას ნიშნავს, ახალი ხელისუფლების დამოკიდებულება სასამართლოს მიმართ, რომ ის იყოს დამოუკიდებელი, პირველ რიგში, პროკურატურის ჩარევისგან, უკვე ციფრებში აისახა. მათ შორის არასაპატიმრო აღმკვეთი ღონისძიებების ხვედრითი წილი საპატიმრო აღმკვეთ ღონისძიებებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. საპროცესო შეთანხმებების დროს ჯარიმების ხვედრითი წილი შემცირდა და ეს ძალიან კარგია.“
ბარამიძე ყურადღებას წინასასამართლო სხდომებზე დევნის შეწყვეტის მაჩვენებელზე ამახვილებს და ამბობს, რომ ეს სასამართლოს მიმართ გარკვეულ კითხვებს წარმოშობს:
„არის სხვა დადებითი ტენდეციებიც, თუმცა, როგორც ჩანს, წინასასამართლო სხდომებზე დევნის შეწყვეტის ფაქტები ძალიან მცირეა. ყოველ შემთხვევაში, საიას მიერ შესწავლილი 58 საქმიდან არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა დევნის შეწყვეტის შემთხვევა, ეს გარკვეულ კითხვებს, ცხადია, წარმოშობს, მათ შორის სასამართლოს მიმართ. კარგი იქნებოდა, თუ ალბათობის მაღალი ხარისხის სტანდარტს სასამართლო ადეკვატურად გამოიყენებდა პროცესის ამ სტადიაზე. მთლიანობაში ამგვარი მონიტორინგი ძალიან კარგია.“
დღეს, 22 ოქტომბერს “ქორთიად მარიოტში“ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში განხილული სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. წარმოდგენილი ანგარიში 2013 წლის იანვარი–ივლისის პერიოდს მოიცავს.