ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს კინოცენტრი უცხოელ კოლეგებს სოხუმის კინოფესტივალის შესახებ აფრთხილებს

2 აპრილი, 2018 • 3311
საქართველოს კინოცენტრი უცხოელ კოლეგებს სოხუმის კინოფესტივალის შესახებ აფრთხილებს

დღეს, 2018 წლის 2 აპრილს, სოხუმში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნასთან დაკავშირებით საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო პარტნიორებს აფრთხილებს, შეცდომაში არ შეიყვანონ ისინი “რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის „რბილმა ძალამ” და არ დაარღვიონ საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონი”.

“როგორც ფესტივალის ვებგვერდზეა მითითებული, კინოფესტივალს ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა მასპინძლობს, ღონისძიებაზე კი რამდენიმე ფილმი ევროპის ქვეყნებიდანაც იქნება ნაჩვენები. ამ კონტექსტში აუცილებელია ხაზი გაესვას კულტურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების დაუშვებლობას.

მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ გარემოებებზე: აფხაზეთის რეგიონი უკანონოდაა ოკუპირებული [რუსეთის ფედერაციის მიერ], საიდანაც გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი. ასეთ პირობებში მსგავსი ღონისძიების ჩატარება წარმოადგენს მცდელობას, მოხდეს საქართველოს განუყოფელი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოჩენა და საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია”.

როგორც ეროვნული კინოცენტრის განცხადებაში წერია, წლებია კინოცენტრი წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის კინოცენტრებთან, კინოფონდებთან, კინოინსტიტუტებთან თუ პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებთან.

“ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, რომ ჩვენს უცხოელ კოლეგებს შევატყობინოთ აღნიშნული ინფორმაცია, რათა არ შევიდნენ შეცდომაში და არ დაარღვიონ საერთაშორისო სამართლის ისეთი ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუვალობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი