ახალი ამბები

რატომ არ შეფასდა ქრისტეზე გაბუნიას ხუმრობა დარღვევად – ქარტიის დასაბუთება

2 აპრილი, 2018 • 3956
რატომ არ შეფასდა ქრისტეზე გაბუნიას ხუმრობა დარღვევად – ქარტიის დასაბუთება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, რ2-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ქრისტეზე ხუმრობით ქარტიის მე-7 პრინციპი (დისკრიმინაცია) არ დაურღვევია. ქვემოთ მოყვანილია ქარტიის მსჯელობა და დასაბუთება ამ საკითხზე:

ქარტიას გაბუნიას წინააღმდეგ განცხადებებით მოქალაქე თორნიკე კაკალაშვილმა მიმართა. ის მიიჩნევს, რომ გადაცემაში „კურიერი P.S“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი. განმცხადებლის პოზიციით პრინციპი დაირღვა გიორგი გაბუნიას საავტორო ტექსტში, როცა მან შეაფასა ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების შეძენის და ტრანსპორტირების ფაქტი.

ქარტიის დასაბუთება

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.

განმცხადებელმა მიუთითა ტექსტი, სადაც გიორგი გაბუნია ამბობს: „ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც საქადაგებლად 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა, უნდა მოსულიყო, ასე 2 – 3 წელიწადში, აჭარაში, ჯვარზე კი ვერ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ჯვრის დასამზადებლად რეგიონში ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, ამ დროისთვის უკვე ბიძინას ეზოში იქნება გადარგული ყველა ხე, და ასე იცოცხლებდა იესო მშვიდად, ღრმა სიბერემდე უხეო აჭარაში. მთავარია, რა თქმა უნდა, ბიძინასათვის არ გადაეკვეთა გზა, ან უარესი, მის ეზოში არ დაეწყო ქადაგება, თორემ იგივენაირად დაასრულებდა, როგორც 2000 წლის წინ, ან უარესად ” .

ქარტიის საბჭოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, მე-7 პრინციპი გულისხმობს არა მხოლოდ დისკრიმინაციის კლასიკურ განმარტებას, არამედ აღნიშნული პრინციპი ასევე დარღვეულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ჟურნალისტის მიერ ხდება სიძულვილის ენის გამოყენება ან მისი გავრცელების ხელშეწყობა.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მე-7 პრინციპი არ დარღვეულა, ვინაიდან სახეზე არ იყო რაიმე ნიშნით პირის გამორჩევა და მისი არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება და არც სიძულვილის ენა. ამ უკანასკნელთან დაკავშირებით საბჭო უთითებს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1997 წელს მიღებულ რეკომენდაციაში სიძულვილის ენა განმარტებულია, როგორც: სიძულვილის ენა მოიაზრებს გამოხატვის ყველა ფორმას, რომელიც ავრცელებს, აქეზებს, ხელს უწყობს ან ამართლებს რასობრივ შუღლს, ქსენოფობიას, ანტისემიტიზმს ან შეუწყნარებლობაზე დაფუძნებულ შუღლის სხვა ფორმებს, ნაციონალიზმის, ეთნოცენტრიზმის, დისკრიმინაციისა და უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ გამოხატული მტრობის ჩათვლით.

აღნიშნული განმარტების მიხედვით, სიძულვილის ენა მიმართული უნდა იყოს კონკრეტული ჯგუფის მიმართ და ატარებდეს შეურაცხმყოფელ ხასიათს, თუმცა ყველა შეურცახმყოფელი ტექსტი არ შეიძლება იყოს სიძულვილის ენა.

როგორც განმცხადებელი უთითებს, გიორგი გაბუნიას ტექსტი იყო ქრისტიანოფობიური და მორწმუნე საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. შესაბამისად, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ სიძულვილის ენა მიმართული იყო ქრისტიანული სარწმუნეობის მქონე პირთა წინააღმდეგ.

საბჭომ მსჯელობისას აღნიშნა, რომ გამოხატვა სიძულვილის ენად შეიძლება შეფასდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ის კონკრეტული ნიშნის გამო შეურაცხყოფს, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ანდა აღვივებს სტიგმასა და სტერეოტიპებს.

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო ტექსტი მიმართულია არა ქრისტეს ან ქრისტიანების წინააღმდეგ, არამედ გიორგი გაბუნია ცდილობდა გაეკრიტიკებინა საჯარო პირი – ბიძინა ივანიშვილი. მის ტექსტში არ იკითხებოდა ნეგატიური ან შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ქრისტიანული რელიგიის მიმართ. მან ბიძინა ივანიშვილის კრიტიკისათვის გამოიყენა შედარება, რომელიც შეიძლება არ იყო რელევანტური, მაგრამ ამასთან, ნეგატიურად არ მოიხსენიებდა ქრისტიან მორწმუნეებს. შესაძლებელია მორწმუნე პირი თვლიდეს, რომ ქრისტეს მოხსენიება არასაკრალურ კონტექსტში დაუშვებელია, მაგრამ ეს ავტომატურად არ გულისხმობს შეურაცხყოფას.


უფრო მეტი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი