ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საიტზე გამოქვეყნებულ სამუშაო ნაშრომში წერია. ფინანსთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ნაშრომი ავტორთა ინდივიდუალურ მოსაზრებებს წარმოადგენს და “კვლევა ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს ქვეყნის იმიჯზე”.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი ლეანდრო მედინასა და ფრიდრიხ შნაიდერის ნამშრომის სამუშაო ვერსიას აქვეყნებს, სახელწოდებით “ჩრდილოვანი ეკონომიკა მთელ მსოფლიოში – რა ვისწავლეთ უკანასკენელი 20 წლის განმავლობაში?”.
IMF-ის საიტზე გამოქვეყნებული მასალა 1991 წლიდან 2015 წლის ჩათვლით მსოფლიოს 158 ქვეყნაში ჩრდილოვანი ეკონომიკის დონეს შეეხება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით.
საკვლევ პერიოდში ჩრდილოვანი ეკონომიკის ყველაზე მაღალი დონე ზიმბაბვეს, ბოლივიასა და საქართველოში დაფიქსირდა. საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის საშუალო დონე 64.9%-ია. კვლევის შედეგად, ჩრდილოვანი ეკონომიკის ყველაზე დაბალი დონე ავსტრიაში, აშშ-სა და შვეიცარიაში დაფიქსირდა. IMF-ში განმარტავენ, რომ კვლევაში წრმოდგენილი მსჯელობა ავტორებისაა და შესაძლოა არ ასახევადეს თავად სავალუტო ფონდისა და მისი მენეჯმენტის პოზიციას.
რაც შეეხება მეთოდოლოგიას, ავტორების ინფორმაციით, ჩრდილოვანი ეკონომიკის გამოსაკვლევად პირდაპირი და არაპირდაპირი მიდგომა გამოიყენება.
პირადაპირ მიდგომებში ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაცია, გამოკითხვა და ოჯახების შემოსავლების შეფასება იგულისხმება. არაპირდაპირი მეთოდი თავისი არსით მაკროეკონომიკურ ასპექტებს მოიცავს, რაც გულისხმობს შეუსაბამობას სახელმწიფო ხარჯებსა და შემოსავლებს შორის, ვალუტაზე მოთხოვნა და სხვა.
რა არის ჩრდილოვანი ეკონომიკა
ჩრდილოვანი ეკონომიკის პირობებში ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებულ შემოსავალს სახელმწიფო ვერ ბეგრავს.
კვლევის თანახმად, ეკონომიკური აქტივობით დაკავებული ადამიანი/კომპანია ძირითადად სამი მიზეზით უმალავს სახელმწიფოს საკუთარ შემოსავლებს. ესენია ფულადი, რეგულაციური და ინსტიტუციური მიზეზები.
ფულადი მიზეზი ძირითადად გადასახადებისგან თავის არიდებას გულისხმობს, რეგულაციების დროს ეკონომიკური საქმიანობით დაკავებული ადამიანები/კომპანიები ცდილობენ, სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ბიუროკრატიულ ჩარჩოებს თავი აარიდონ.
ბოლო ინსტიტუციური მიზეზი ძირითადად არსებული კანონმდებლობისთვის თავის არიდებას გულისხმობს. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ქარხნის მუშა, რომელიც სამსახურის შემდეგ ტაქსის მძღოლად მუშაობს და ამ ტაქსს ლიცენზია არ აქვს. ასევე, სანტექნიკოსი, რომელიც კლიენტს წყალსადენის მილს უკეთებს და მისგან ნაღდ ფულს იღებს. ანგარიშის მიხედვით, ეს ჩრდილოვანი ეკონომიკის მაგალითებია. თუმცა, ჩრდილოვნი ეკონომიკა მხოლოდ უკანონო ან დაურეგისტრირებელ საქმიანობას არ გულისხმობს, ის ასევე მოიცავს არადეკლარირებულ შემოსავლებსა და ბიზნესსაქმიანობას.
ჩრიდლოვანი ეკონომიკა უკანონო საქმიანობასაც გულისხმობს. მაგალითად, ისეთი პროდუქტის წარმოება, რომლის გაყიდვაც კანონით იკრძალება. ან ისეთი ბიზნესსაქმიანობით დაკავება, რომელიც რეგისტრირების გარეშე უკანონოდ მიიჩნევა.
ლეანდრო მედინასა და ფრიდრიხ შნაიდერის კვლევა ლეგალური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს ეხება, რომლებიც რეგისტრირებული რომ ყოფილიყო, ქვეყნის GDP-ის ნაწილი იქნებოდა. ავტორები განმარტავენ, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის ის ნაწილი, რომელიც უკანონო საქმიანობას გულისხმობს, კვლევაში ვერ მოხვდა.
IMF-ის საიტზე გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორისაა ინსტიტუტების განვითარების ხარიხსი და კორუფციის დონე. ავტორების შეფასებით, საჯარო ინსტიტუტების ხარისხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ არაფორმალური სექტორის განვითარებას ხელი შეუშალოს. ჩრდილოვანი ეკონომიკისთვის ასევე მნიშვნელოვანია რეგულაციები, რეგულაციების დაწესება შრომის ბაზარზე და ვაჭრობის მიმართულებით. ავტორებს მიაჩნიათ, რომ შრომის ბაზარზე რეგულაციებით ფორმალურ ეკონომიკაში სამუშაო ძალაზე ფასს ზრდის და ეს სფერო ინაცვლებს ჩრდილოვან ეკონომიკაში. ჩრდილოვან ეკონომიკაზე დადებითად აისახება ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა თვითდასაქმება, უმუშევრობა და სხვა.
ჩრდილოვანი ეკონომიკა და საქართველო
1991-2015 წლებში საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. წლების მიხედვით ქვეყანაში ჩრდილოვანი ეკონომიკის დონე იცვლებოდა და მისი ყველაზე დაბალი დონე 2015 წელს დაფიქსირდა. ამ პერიოდში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 53%-ია.
“ნაშრომი წარმოადგენს ავტორთა ინდივიდუალურ მოსაზრებებს/შეფასებებს და არ ასახავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ პოზიციას, შესაბამისად, აღნიშნული კვლევა ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს ქვეყნის იმიჯზე”, – ასეთია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.
უწყების თანახმად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალური პოზიცია, რაც მნიშვნელოვანი სიგნალია ინვესტორებისთვის, ასახულია IMF-ის დამტკიცებულ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ (EFF) 3-წლიან პროგრამაში.
“აღნიშნული პროგრამა, რომელიც მთლიანად საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად იქნა ინიცირებული, ითვალისწინებს ეკონომიკის მოწყვლადობის შემცირების ბევრ ღონისძიებას, ხოლო ჩრდილოვანი ეკონომიკა ქართული ეკონომიკის გამოწვევად საერთოდ არ განიხილება. შესაბამისად, IMF-ის პროგრამა არ მოიცავს ჩრდილოვან ეკონომიკასთან ბრძოლის მიმართულებით განსახორციელებელ ღონისძიებებს,” – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
სამინისტროს ინფორმაციით, კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მეთოდოლოგიასა და გამოყენებულ დაშვებებზე. ნაშრომში გამოყენებული მეთოდები კი, რომლებიც აფასებს ჩრდილოვანი ეკონომიკის ცვლილების (ზრდა/შემცირების) სიდიდეს, ხოლო დაშვება ჩრდილოვანი ეკონომიკის საწყისი ზომის შესახებ არაა თანხვედრაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ შეფასებებთან.
“შეიძლება მხედველობაში მიღებული იქნას ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომის ცვლილების (შემცირების) დინამიკა და არა თვითონ ჩრდილოვანი ეკონომიკის ზომა,” -აცხადებენ ფინინანსთა სამინისტოროში.
2006 წლის სავალუტო ფონდის პუბლიკაციაში წერია, რომ 2004 წელს ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 29.2%-ია. ლეანდრო მედინასა და ფრიდრიხ შნაიდერის ნამშრომით, იმავე წელს საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 66.1%-ია.
ლეანდრო მედინა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აფრიკის დეპარტამენტის ეკონომისტია, ფრიდრიხ შნაიდერი კი- ავსტრიის იოჰან კეპლერის უნივერსიტეტის პროფესორი.