მის შესახებ თამარ სანიკიძემ, დღეს, 22 ოქტომბერს, მედიასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, ის რეფორმები, რომელიც წლების განმავლობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სერტიფიცირების მიმართულებით ჩატარდა, არაეფექტური იყო, ვინაიდან არ არსებობდა პედაგოგის კომპლექსური შეფასების სისტემა.
“ახალი სქემით ჩართული იქნება ყველა პედაგოგი და არა მხოლოდ სერტიფიცირებული პედაგოგი, როგორც იყო აქამდე. რეალურად მასწავლებლების დიდი კონტინგენტი უყურადღებოდ იყო დარჩენილი. აქცენტი იყო სერტიფიცირებულ მასწავლებლებზე, მათ განვითარებაზე, ამ პედაგოგებს კი არ ჰქონიათ იმის შანსი, რომ ჩართული ყოფილიყვნენ სქემაში,”- ამბობს მინისტრი.
სანიკიძის განმარტებით, ახალი სქემის შესაბამისად, მასწავლებლები კატეგორიიდან კატეგორიაში გადავლენ. ბოლო, მე-4 კატეგორიის გავლის შემდეგ კი, კვალიფიციურ პედაგოგს უკვე მენტორად შეეძლება მუშაობა – უფლება მიეცემა, დამწყები მასწავლებელი მოამზადოს.
როგორც მინისტრი განმარტავს, საფეხურიდან საფეხურზე გადასვლის დროს მასწავლებელს საშუალება ექნება, საკუთარი საჭიროებების შესაბამისად, გაიროს ტრენინგ-მოდულები და დააგროვოს შესაბამისი კრედიტები.
ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლის დროს, სანიკიძის თქმით, მასწავლებლის საათობრივი ანაზღაურებაც გაიზრდება.
“იქნება ხელფასების ადეკვატური სქემა.”
მისივე თქმით, არსებული სახელფასო დანამატი უკვე სერტიფიცირებულ პედაგოგებს შეუნარჩუნდებათ.
“მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდების შედეგები მაინცდამაინც სახარბიელო არ იყო, რაც ძალიან კარგი ინდიკატორი უნდა ყოფილიყო წინა ხელისუფლებისთვის, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაედგათ დროულად. თუმცა, დაგვიანებული არც ახლა არ არის.”
შესაბამისად, მინისტრის თქმით, ჯერ საკანონმდელო ცვლილებები განხორციელდება.