„ბათუმელები“ გასულ კვირას ადგენდა, როგორ აკონტროლებს სახელმწიფო ტენდერის შესრულების პირობებს და როგორ მოახერხა რამდენიმე თვის წინ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოსთვის „შავ სიაში“ მოხვედრილმა კომპანიამ ძვირადღირებულ ტენდერში გამარჯვება.
805 მეტრი სიგრძის გზა ქედაში, სოფელ ახოდან კოკოტაურამდე 52კმ-53კმ მონაკვეთს – 805 მეტრ გზას კომპანია „როუდი“ აშენებს. შპს „როუდი“ შპს „ჯი-აი-დის“ ქვეკონტრაქტორია. ამ უკანასკნელმა კი ტენდერში გაიმარჯვა – სახელმწიფოსგან 747 473 ლარის დაკვეთა მაისში მიიღო.
საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი კომპანია – „ჯეო ტრეიდი“. ბათუმში მცხოვრები მოქალაქე გურამ დიასამიძე არც ერთი ამ კომპანიის თანამშრომელი არ არის. ის ამბობს, რომ მან ივლისში „როუდის“ წარმომადგენლის, სერგი ცინცაძისგან კოკოტაურის ხიდისთვის ლითონის ჯებირების, ტროტუარის ნაწილის გამყოფი პარაპეტების, სანიაღვრე მილებისა და კიდევ რამდენიმე სახის მასალის დამზადებაზე ჯამში 85 ათასი ლარის დაკვეთა მიიღო.
გურამ დიასამიძემ „ბათუმელებს“ მას შემდეგ მომართა, რაც დარწმუნდა, რომ შეიძლება მან ეს თანხა ვერ მიიღოს.
„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციისა და მხარეების განმარტებების მიხედვით, 747 473 ლარის ღირებულების ტენდერთან დაკავშირებით რამდენიმე საყურადღებო გარემოება იკვეთება.
ტენდერში გამარჯვებული „ჯი-აი-დისა“ და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ხელშეკრულების 11.1 პუნქტში წერია, რომ „მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა ქვეკონტრაქტორის შესახებ, თუ ეს უკვე არ არის მითითებული სატენდერო წინადადებაში“.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახურში ამბობენ, რომ „ჯი-აი-დის“ ქვეკონტრაქტორების შესახებ მათ ინფორმაცია არ მოეპოვებათ.
„ჯი-აი-დის“ ქვეკონტრაქტორი, კომპანია „როუდის“ წარმომადგენელი სერგი ცინცაძე ამბობს, რომ მას გურამ დიასამიძესთან საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონია. მისი თქმით, მან ხიდის ჯებირი და პარაპეტები კომპანია „ჯეო ტრეიდისგან“ იყიდა.
სერგი ცინცაძეს კომპანია „ჯეო ტრეიდი“ შემთხვევით არ უხსენებია. მან გურამ დიასამიძეს გადასცა დოკუმენტები, რითაც ირკვევა, რომ მოაჯირებისა და პარაპეტებისთვის „როუდიმ“ 70 ათასი ლარი ავანსის სახით გადაუხადა არა დიასამიძეს, არამედ – „ჯეო ტრეიდს“.
გურამ დიასამიძეს სწორედ ამ დოკუმენტის ნახვის შემდეგ გაუჩნდა განცდა, რომ ის „გადააგდეს“: „სულ არ ვიცი ვინ არის „ჯეო ტრეიდი“. სერგი ცინცაძემ ეს ხალხი საქმეში იმისთვის შემოიყვანა, რომ ჩვენი ფული მიითვისონ“.
გურამ დიასამიძე ყვება, რომ პირველი დაკვეთა სერგი ცინცაძისგან ამ ზაფხულს, გაცნობიდან სამ დღეში მიიღო: „დამირეკა და მითხრა – დიდი ტენდერი მაქვს მოგებული, ქედაში გზა უნდა გავაკეთოო…
ტროტუარის პარაპეტები, წყლის არხები და ხიდის რკინის მოაჯირები სჭირდებოდა. შევთანხმდით და ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში დავიწყე მოაჯირების „სვარკვა“, გონიოში – პარაპეტები მოვჭერით. სულ 42-მა კაცმა ვიმუშავეთ. „რასტვორი“ პარაპეტებისთვის ხელვაჩაურის ქარხნიდან გამოვზიდე. ერთ ქარხანაზე 18 ათასი მაქვს გადასახდელი, მეორეზე – 16 400, ცალკე მუშები მთხოვენ ფულს. დღე და ღამე, მშიერ-მწყურვალებმა ვიმუშავეთ. საქმის 80 პროცენტი რომ შევასრულეთ, მამუკას (გზის მშენებლობის ზედამხედველი) ვუთხარი, ხალხი ფულს მთხოვს და მომეცით-მეთქი“.
მშენებლობის ზედამხედველმა მას აუხსნა, რომ სერგი ცინცაძე უკრაინიდან როცა დაბრუნდება, თანხას მაშინ აუნაზღაურებენ.
გურამ დიასამიძე ყვება, რომ უკრაინიდან ჩამოსულ სერგი ცინცაძეს გონიოში შეხვდა: „ვკითხე ფული-მეთქი. ვიღაც გია მომიყვანა და მითხრა, ამასთან გექნება საქმე, ფულს ეგ მოგცემსო. გავბრაზდი და შელაპარაკება მოგვივიდა. მითხრა, ხვალ მოგცემ 10 ათას ლარს, ოღონდ ამაღამ ერთი რეისი მაინც ამოიტანეთ, შესრულება უნდა დავიწყოთო. ტრაილერი და კამაზი ვიქირავე და 90 ცალი პარაპეტი ავუტანე კოკოტაურზე“.
მეორე დღეს გიამ, იგივე გია შარიქაძემ კომპანია „ჯეო ტრეიდიდან“, გურამ დიასამიძე კოკოტაურში დაიბარა: „თან ახლდა ერთი ბიჭი, – სერგოს ნათესავია, ძმაკაცობენ, თუ ფულებს აწერს, არ ვიცი. ხიდზე ვიყავით და იმან დაიწყო, რა არის ეს, ტო, რანაირი გაკეთებულიაო. ვიკამათეთ. ამ დროს „25-ე არხის“ მანქანამ ამოიარა. ოპერატორი ნაცნობი იყო და მკითხა, რამე ხომ არ მინდოდა. გიას თანმხლებმა – ტელევიზორში არ გამომაჩინოთ, ციხიდან ორი თვის წინ გამოვედიო და წავიდა. გიამ ფულზე უარი მითხრა“.
გია შარიქაძემ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
კომპანია „როუდის“ სამუშაოს მწარმოებელმა მამუკა გელაშვილმა კი „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მისთვის უცნობია, რა ოდენობის თანხაზე და ვინ გაურიგდა გურამ დიასამიძეს. „ბათუმელები“ მამუკა გელაშვილს კოკოტაურში შეხვდა: „გურამ დიასამიძესთან მქონია შეხება. ვიცი, რომ აქ ჰყავდა თავისი ბრიგადა და მუშაობდნენ, ხიდის საგზაო ზღუდარები, ბეტონის მოაჯირები ამოიტანა და დაამონტაჟეს, მაგრამ არ ვიცი, საიდან მოიტანეს“.
„როუდის“ პროექტის მენეჯერის, სერგი ცინცაძის მტკიცებით კი, გურამ დიასამიძე მის დაშანტაჟებას ცდილობს: „გურამ დიასამიძესთან არავითარი საქმიანი დაკვეთა არ მქონია და თუ მას რაიმე პრობლემა აქვს, „ჯეო ტრეიდთან“ უნდა გაარკვიოს. მე ავანსის სახით 70 ათასი ლარი გადახდილი მაქვს იმ საქმეში, რასაც გურამ დიასამიძე ამბობს, რომ მისი შესრულებულია. „ჯეო ტრეიდმა“ გურამ დიასამიძეს დაუკვეთა თუ პეტრეს, ეს ჩემი გასარკვევი არ არის“.
სერგი ცინცაძე ამბობს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წარუდგენს დოკუმენტებს, რითაც მის მიერ 70 ათასი ლარის გადახდა დასტურდება: „ამ ამბავში ყველაზე მეტად დაზარალებული მე ვარ, ამიტომ შემაქვს სარჩელი „ჯეო ტრეიდის“ წინააღმდეგ. ჩემი თანხით სამუშაოები არასწორად შეასრულა, ყადაღა უნდა დავადო და ჩემი თანხა დავიბრუნო. მე ერთსა და იმავე პროდუქციაში ორჯერ მიწევს თანხის გადახდა“.
სერგი ცინცაძე ამბობს, რომ თითქმის ყველაფერი უხარისხოა, რის გაკეთებასაც გურამ დიასამიძე თავის თავზე იღებს. „ვაპირებ, მოვიწვიო ექსპერტები, რათა შეამოწმონ შესრულებული სამუშაოს ხარისხი“, – უთხრა „ბათუმელებს“ სერგი ცინცაძემ, რომელიც შეკითხვაზე – თუ პარაპეტების ხარისხი საეჭვო იყო, რატომ დაამონტაჟეთ ექსპერტიზის ჩატარების გარეშე, ასე პასუხობს – „დამონტაჟება მოხდა იმის შემდეგ, რაც „ჯეო ტრეიდს“ ავანსი გადავუხადე“.
სერგი ცინცაძე ამბობს, რომ „გურამ დიასამიძის მხრიდან შანტაჟის თაობაზე“ პოლიციას აცნობა. მხარეები ქედის პოლიციაში დაკითხეს. შპს „ჯეო ტრეიდის“ წარმომადგენელიც იქ იყო, სამართალდამცავ ორგანოებთან „ჯეო ტრეიდის“ წარმომადგენელმა გურამს უთხრა, რომ ჩვენ აღნიშნულ თანხას გადაგიხდით, ოღონდ გამოასწორებ ამოტანილ პროდუქციასო. ეს პროდუქცია არის პარაპეტები, ბეტონი… იქ მოაჯირებია, რასაც გამოსწორება არ სჭირდება“.
სერგი ცინცაძე კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: „გურამ დიასამიძე სიტყვიერად ამბობს, რომ „ჯეო ტრეიდს“ მისი 85 ათასი ლარი აქვს. „ჯეო ტრეიდმა“ როცა დოკუმენტები – ზედნადები მოსთხოვა, მან ეს ვერ წარმოადგინა… მასე მე შეიძლება თქვენ 2 მილიონი მოგთხოვოთ…
გარდა ამისა, გურამ დიასამიძემ თავიდან სასტიკი უარი განაცხადა ბეტონის პარაპეტებისა და მოაჯირების შემოწმებაზე, მაგრამ პოლიციაში დაკითხვის დროს თქვა, რომ გამოასწორებს. აქედან გამომდინარე, მე ველოდები „ჯეო ტრეიდი“ როდის გამოასწორებს ამას, მე გურამ დიასამიძესთან შეხება არ მაქვს“.
სერგი ცინცაძის ნათქვამს ადასტურებს „როუდის“ 50%-ანი წილის მფლობელი და დირექტორი თინათინ მეხრიშვილიც. მან „ბათუმელებს“ განუცხადა: „ჩვენ გვქონდა სხვა კომპანიასთან ურთიერთობა, ის იყო ჩენი ქვეკონტრაქტორი, იმ ქვეკონტრაქტორმა ვისთან დაიჭირა საქმე, არ ვიცი. მე, რა კომპანიამაც შემისრულა სამუშაო, იმის საფასური გადახდილი მაქვს. ვერ ვხდები რა ხდება, ყველა სხვადასხვა რაღაცას ლაპარაკობს“.
ქედაში გზის მშენებლობის დაკვეთა სახელმწიფოსგან არც „როუდს“ მიუღია და არც „ჯეო ტრეიდს“. 747 473 ლარი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კომპანია „ჯი-აი-დის“ გადაუხადა. ამ კომპანიის მესაკუთრემ და დამფუძნებელმა, დავით თანანაშვილმა ტენდერის ხელშეკრულებას ხელი 2013 წლის 29 მაისს მოაწერა.
დავით თანანაშვილის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე არ ირეკება. „ბათუმელები“ თანანაშვილს მის მიერ საჯარო რეესტრში მითითებულ სხვა ტელეფონებზეც გაუგზავნა სმს შეტყობინება, მაგრამ მან არც ერთ ტელეფონს არ უპასუხა.
„ბათუმელებს“ დავით თანანაშვილისგან კომენტარის მოპოვებაში დახმარება კომპანია „როუდის“ დირექტორმაც აღუთქვა, მაგრამ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მფლობელისგან კომენტარის მოპოვება მაინც ვერ მოხერხდა.
ინტერნეტში კომპანია „ჯი-აი-დის“ ვებგვერდი არ იძებნება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდის მიხედვით კი ირკვევა, რომ 2011 წლიდან დღემდე კომპანია „ჯი-აი-დის“ სახელმწიფოსგან ზუსტად 3 668 711,91 ლარის ტენდერი აქვს მიღებული, მათ შორის ორ შემთხვევაში ტენდერის ფასი ერთ მილიონ ლარს აჭარბებს.
247 000 ლარის დაკვეთა კომპანიას გასული წლის ზაფხულში საჩხერის მუნიციპალიტეტისგან მიუღია. საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ იაშვილი ამბობს, რომ სამუშაოს უხარისხოდ შესრულების გამო მათ „ჯი-აი-დი-სთან“ ხელშეკრულება გაწყვიტეს და კომპანია დააჯარიმეს კიდეც. საჩხერის მუნიციპალიტეტმა აპრილის თვეში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თხოვა „ჯი-აი-დი“ „შავ სიაში“ შეიტანა. სააგენტომ „ჯი-აი-დი“ შავ სიაში 25 სექტემბერს შეიყვანა. ქედაში გზის მშენებლობაზე დაკვეთა კი კომპანიამ მაისში მიიღო.
„ჯი-აი-დი“ დამფუძნებელს – დავით თანანაშვილს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „ქართული ოცნებისთვის“ 800 ლარი აქვს შეწირული.
რაც შეეხება „ჯი-აი-დის“ ქვეკონტრაქტორებს – კომპანია „ჯეო ტრეიდი“ 2013 წლის თებერვალში დაფუძნებულა და არც ერთი ტენდერი არ აქვს მოგებული. კომპანია „როუდი“ კი, 2013 წლის 18 მაისს არის დაფუძნებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ მათი უწყება პროცესს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან მიწოდებული ოფიციალური დოკუმენტებით უწევს მონიტორინგს. შესაბამისად, „ბათუმელები“ დაინტერესდა, რა სახის დოკუმენტები მიაწოდა დეპარტამენტს, მაგალითად, კომპანია „ჯი-აი-დი“-მ კოკოტაურის ხიდზე უკვე დამონტაჟებული ლითონის მოაჯირებსა და პარაპეტების შესყიდვასთან დაკავშირებით? საერთოდ მიაწოდა თუ არა „როუდიმ“ მოაჯირებისა და პარაპეტების შესყიდვის დოკუმენტები დეპარტამენტს? თუ მიაწოდა „როუდიმ“ დეპარტამენტს ეს დოკუმენტები, მაშინ რატომ არ არის მათთვის ცნობილი, რომ „ჯი-აი-დის“ ქედაში გზის მშენებლობაზე ჰყავს ქვეკონტრაქტორი? თუ მოაჯირისა და პარაპეტების შესყიდვაზე დოკუმენტი არ მიუწოდებია ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დეპარტამენტისთვის, მაშინ როგორ უწევენ მონიტორინგს მშენებლობის პროცესს?
დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია არ არის ვალდებული, მათ წარუდგინოს ის დოკუმენტები, თუ ვისთან შეისყიდა ტენდერის შესასრულეებლი მასალები. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოს ხარისხს, ეს ადგილზე მისვლით და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ფასდება.
სულხან სალაძე, იურისტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: “თუ სამინისტრო, ანუ დამკვეთი ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ქვეკონტრაქტორის შესახებ არ არის ინფორმირებული, მიუხედავად იმისა, რომ მას ხელშეკრულებით ამის ვალდებულება აქვს, შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ სახეზე გვაქვს კანონდარღვევა. თუმცა გასათვალისწინებელია ერთი გარემოებაც – მხოლოდ ინდივიდუალური შემთხვევაა ერთ კონტრაქტთან დაკავშირებით, თუ ეს კომპანია ქვეკონტრაქტორებს სხვა ტენდერებშიც იყენებს იმავე ფორმით.
ასევე მნიშვნელოვანია, სამინისტრო მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე აწარმოებს მონიტორინგს, თუ ადგილზე შესწავლითაც, რადგან წარდგენილი დოკუმენტაციით შეიძლება არ გამოვლინდეს ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევები, მაგრამ ადგილზე ინსპექტირებამ აჩვენოს საპირისპირო.
ჩემი აზრით, როცა არსებობს ინფორმაცია, რომ ტენდერში გაიმარჯვა „შავ სიაში“ მყოფმა კომპანიამ, ეს მონიტორინგის სამსახურისთვის უნდა იყოს დამატებითი სიგნალი – ამ შემთხვევაში საკმარისი არ არის მხოლოდ დოკუმენტების ინსპექტირება, აუცილებელია ადგილზე მისვლით გადამოწმებაც.
შესაბამისად, თუ „ჯი-აი-დის“ ჰყავს ქვეკონტრაქტორი, ვის შესახებაც არ იცის სამინისტრომ, დამატებითი მონიტორინგი და ინსპექტირება უნდა დაიწყოს ხელშეკრულების მიმდინარეობა-შესრულებასთან დაკავშირებით. სამინისტროს ყველა ტიპის დოკუმენტზე მიუწვდება ხელი, ამიტომ მანვე უნდა განსაზღვროს დარღვევის ხასიათი, შინაარსი და გადაწყვიტოს პასუხისმგებლობის რა ფორმა გამოიყენოს – ეს იქნება ხელშეკრულების შეწყვეტა თუ სხვა რამე.
რაც შეეხება თანხის გადარიცხვას, სახელმწიფო შესყიდვის დროს ყველა თანხას აქვს თავისი დანიშნულება – ეს არის შესრულებული სამუშაო, სახელმწიფოსთან ანგარიშსწორება, ხელფასების გაცემა თუ მასალების შესყიდვა. ის თანხა, რაც გათვალისწინებულია კონკრეტული მიზნისთვის, უნდა მივიდეს კონკრეტულ მიზნამდე. თუ სახეზეა თანხის მითვისება, გაფლანგვა ან რაიმე ტიპის დარღვევა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც შეიძლება დადგეს.”




