სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის ბესო დევდარიანის განცხადებით, ამ დროისათვის ყველა ეჭვმიტანილი პირი დანარჩენი მსჯავრდებულებისგან იზოლირებულია და მათზე განსაკუთრებული კონტროლი ხორციელდება.
მინისტრის მოადგილემ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებზეც ისაუბრა, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოვლინდა. მისი თქმით, 21 ოქტომბერს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში უსაფრთხოების სამსახურმა ნარკოტიკული საშუალების შეტანის მცდელობა აღკვეთა:

“დაკავებულია მოქალაქე შ.ტ. რომელიც ამანათის საშუალებით მამასთან, მსჯავრდებულ კ.ტ.-სთან ე.წ. მარიხუანას შეგზავნას ცდილობდა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ამანათში ჩადებული ჯინსის ჯიბის სარჩულში იყო ჩაკერებული. აღსანიშნავია, რომ პირი, რომელთანაც აღნიშნული ამანათი შეჰქონდათ, სასჯელს სწორედ ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის”, – აცხადებს დევდარიანი.
კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც მინისტრის მოადგილემ გაახმაურა, 18 ოქტომბერს, სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში დაფიქსირდა, როდესაც ციხის გარე პერიმეტრიდან მობილური ტელეფონების გადაგდების მცდელობა აღიკვეთა:
“დაწესებულების გუშაგებმა და უსაფრთხოების სამსახურმა დააფიქსირეს პირი, რომელმაც სიმბარათებიანი ორი მობილური ტელეფონის ციხის ტერიტორიაზე გადაგდება მოახერხა. შემთხვევა ადგილზევე აღიკვეთა და ეჭვმიტანილი პირი მ.მ. ამ დროისთვის დაკავებულია. აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირი წარსულში იგივე დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს და ის მიმდინარე წლის 22 იანვარს გათავისუფლდა”, – აცხადებს დევდარიანი.




