ახალი ამბები

როგორ მოწამლეს ვიქტორ იუშენკო

2 აპრილი, 2018 • 9645
როგორ მოწამლეს ვიქტორ იუშენკო

“როდესაც სახლში დავბრუნდი და ცოლს ვაკოცე, მან მითხრა, შენს ტუჩებს მეტალის გემო აქვსო”, – ამბობს BBC-სთან ინტერვიუში ვიქტორ იუშენკო, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი.

იუშენკო 2004 წელს, ანუ იმ წელს მოწამლეს, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატი იყო რუსეთის ფავორიტ ვიქტორ იანუკოვიჩის წინააღმდეგ.

იუშენკო აცხადებს, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან და მის მოადგილესთან ივახშმა. გამოძიების მიხედვით კი, საწამლავი ბრინჯს შეურიეს, რომელიც სუფრაზე იდო.

ვაშინგტონ პოსტი წერს, რომ იუშენკო სამკურნალოდ ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გადაიყვანეს. ავსტრიელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ იუშენკო დიოქსინით მოწამლეს. ვაშინგტონ პოსტის მიხედვით, საჭმელში შერეული დიოქსინის გემოს ადამიანი ვერ იგრძნობს და ვერც დაინახავს. რამდენიმე დღეში კი დაავადდება. სწორედ ასე მოხდა იუშენკოს შემთხვევაში.

“ავსტრიაში ჩასვლის დღიდან, მეორე ან მესამე დღეს ჩემმა სხეულმა დასიება დაიწყო. თავის ზომა დრამატულად გაიზარდა. ტკივილი მთელ სხეულში გავრცელდა. გაჩნდა ჩირქი და ანთებითი პროცესები”, – ამბობს იუშენკო.

“თუ ვინმეს სწრაფად მოკვლა უნდა, ამისათვის დიოქსინს არ გამოიყენებენ, მაგრამ თუ უნდათ, რომ ადამიანს ქმედუნარიანობა დააკარგვინონ, თან ისე, რომ დაავადების პროცესი კონტაქტიდან გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ დაიწყოს, ეს ნივთიერება ამისათვის გამოდგება”, – აცხადებს არნოლდ შექტერი, დიოქსინის ექსპერტი, ვაშინგტონ პოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში.

2004 წელს უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოვლენები საკმაოდ დრამატულად განვითარდა. იუშენკო ძირითადი ოპოზიციური კანდიდატი იყო. მან ვიქტორ იანუკოვიჩი მეორე ტურში დაამარცხა.

იუშენკო 2004 წლის ივლისში (მარცხნივ) და 4 თვის შემდეგ, იმავე წლის დეკემბერში (მარჯვნივ) © AP

14 წლის შემდეგ ის კვლავაც ელის, რომ გამოძიება დასრულდება.

“მე მაქვს პასუხი, მაგრამ ვერ ვიტყვი ამას”, – ამბობს იუშენკო BBC-სთან.

“მე მაწუხებს ის ფაქტი, რომ ევროპული ქვეყნები ასეთი არამეგობრულები არიან და სოლიდარობის ნაკლებობა აქვთ ერთმანეთის მიმართ რუსეთის პოლიტიკის ირგვლივ. მინდა, “გაერთიანებუამა ევროპამ” გააცნობიეროს, რომ მისი მოქალაქეების მთავარი საფრთხე არის ის შუა საუკუნეების პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი 21-ე საუკუნეეში იყენებს”, – აცხადებს იუშენკო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი