ქვეყანაში ნაგავსაყრელების მდგომარეობისა და მშენებლობის საკითხებზე, დღეს, 21 ოქტომბერს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო, დიპლომატიური კორპუსის საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მთავრობას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მდგომარეობა და ახალი ინიციატივები გაეცნო.
“ნაგავსაყრელების კეთილმოწყობის საკითხებზე გვაქვს მოკლევადიანი და გრძელვადიანი გეგმები. ვგეგმავთ დავხუროთ ძველი ნაგავსაყრელები და ავაშენოთ ახლები. ეს არის იმერეთის რეგიონი, ქვემო ქართლი, კახეთი, სამეგრელო და ა.შ.”- ამბობს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შუხოშვილი.
რაც შეეხება ნაგავსაყრელების მასშტაბებს, ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი იმერეთში აშენდება. დანარჩენი ნაგავსაყრელების სიდიდეც რეგიონის მასშტაბზე იქნება დამოკიდებული.
“ნაგავსაყრელების კეთილმოწყობა მხოლოდ მათ მშენებლობას არ გულისხმობს, ეს არის მთელი სისტემა თავისი ნიუანსებით, აქ არის სამედიცინო ნარჩენები, სახიფათო ნარჩენები. სისტემაა ასაწყობი მთელი თავისი კომპონენტებით, რომლის ჩამოყალიბებასაც წლები დაჭირდება,”- ამბობს გიორგი შუხოშვილი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას თქმით, მყარი ნარჩენების სფეროში გრძელვადიან სტრეტეგიაზე მუშაობა უკვე სრულდება, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს მთავრობამ უნდა დაამტკიცოს.
“ძალიან ღრმად შევისწავლეთ არსებული მდგომარეობა, რამაც მოგვცა საშუალება დაგვედგინა, რა და როგორ უნდა განვავითაროთ,” – ამბობს მინისტრი.
დღევანდელი შეხვედრა დონორებთან კი, მინისტრის თქმით, დამატებითი ფინანსური რესურსის მოსაძიებლად სჭირდება მთავრობას.
“წელს პირველადი თანხა, 12 მილიონი, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო. ეს თანხა მოხმარდება პირველადი პრობლემების აღმოფხვრას.”
პირველ ეტაპზე, ამ მხრივ, საქართველოს უკვე ეხმარება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA).





