შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის მთავარ სამმართველოში ავტოპარკინგი ბოლოს 2012 წლის დეკემბერში განაახლეს. სამმართველომ 72 ათას ლარად ღირებული ავტომანქანა “ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო” იყიდა. შპს “ტოიოტა ცენტრ თბილისსა” და სამმართველოს შორის ავტომანქანის მიწოდებაზე დადებულ ხელშეკრულებას სამმართველოს ახალდანიშნული (იმ დროისათვის) ხელმძღვანელი, ვალერიან თელია აწერს ხელს.
შს სამინისტროდან არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომელი თანამდებობის პირი გადაადგილდება ახალი მანქანით, სავარაუდოდ, ალბათ უფრო თავად ვალერი თელია.
გაცილებით ძვირადღირებული მანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამმართველომ 2012 წლის თებერვალშიც იყიდა. გასული წლის დასაწყისში აჭარის პოლიციამ 108 700 ლარად “ტოიოტა ლენდკრუიზერ 200” შეიძინა. ამ შემთხვევაში მანქანის შესყიდვის ხელშეკრულებას სამმართველოს ყოფილი უფროსის ირაკლი მოწყობილის ხელმოწერა აქვს.
წელს ავტოპარკინგი აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოსაც განუახლებია. სამმართველოს ახალმა ხელმძღვანელმა ვახტანგ წულაძემ ორი ახალი “სუზუკის” შესაძენად ხელშეკრულება კომპანია “ჯი თი მოტორსთან” 2013 წლის იანვარში გააფორმა. ორ მანქანაში 53 500 ლარი გადაიხადეს. სამმართველოს ავტომანქანებს იანვარში კიდევ ერთი ახალი მანქანა – 30 ათას ლარად ღირებული ჯიპი შეემატა. სამმართველოს პრესსამსახურის დალი მახარაძის ინფორმაციით, ახალი ჯიპით ვახტანგ წულაძე გადაადგილდება.
აჭარის გარემოსდაცვითი უწყების ავტოპარკინგი ახალი მთავრობის მოსვლამდე ცოტა ხნით ადრე – 2012 წლის ივნისშიც განაახლეს. სამმართველომ გასულ წელს 54 ათას ლარად ღირებული “ტოიოტა ჰაილუქსი” იყიდა. საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან მოკლე ხანში ახალი მანქანის შეძენის საჭიროება ბათუმის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა ასე ახსნა:
“მანქანა, რომლითაც მერი ჯემალ ანანიძე გადაადგილდებოდა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა და უკან დავაბრუნეთ. ამიტომ მერი თავის ძველ მანქანას დაუბრუნდა, რომლითაც მოადგილეობის დროს სარგებლობდა, ერთ-ერთი მოადგილისთვის კი ახალი მანქანა შეუძინეს”.
ბათუმის მერიამ თავის ავტომანქანებს ახალი, 2013 წელს გამოშვებული “სედანი” დაამატა, რაშიც ბიუჯეტიდან 32 ათასი ლარი დახარჯა. ახალი მანქანა ბათუმის მერის მოადგ- ილე დავით ლეკვეიშვილს ემსახურება.
წელს ავტოპარკინგი აჭარის უმაღლესმა საბჭომაც განაახლა. გასული თვის დასაწყისში საკანონმდებლო ორგანოს 2012 წელს გამოშვებული ავტომანქანა “ჯიპი” შეემატა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 34 ათასი ლარი გადაიხადეს. უმაღლესი საბჭოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის, ჯამბულ კურცხალიძის ინფორმაციით, ეს მანქანა უმცირესობის ფრაქციის თავმჯდომარეს ირაკლი ბარამიძეს უყიდეს. კიდევ ერთი ავტომანქანა “პიკაპი” კი, რომელშიც უმაღლესმა საბჭომ გასული წლის დეკემბერში 32 ათასი ლარი გადაიხადა, მორიგე მანქანის ფუნქციას ასრულებს – “ამ მანქანით საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლები სარგებლობენ”.
2013 წლის აპრილიდან დღემდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოპარკინგის განახლების მიზნით 6 444 450 ლარი დახარჯა. ამ თანხაში არ შედის დეპარტამენტების მიერ შესყიდული მანქანებისთვის გადახდილი თანხა.
შესყიდვების დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ოპერატიული სამძებრო ღონისძიებებისთვის საჭირო მანქანების გარდა ირაკლი ღარიბაშვილის უწყება ძვირადღირებულ მანქანებსაც ყიდულობს, სავარაუდოდ, თანამდებობის პირებისთვის. მაგალითად, სამინისტროს მომსახურების სააგენტომ 2013 წლის აპრილში 630 ათასი ლარი დახარჯა და ცხრა “ტოიოტა ჰაილენდერი” შეიძინა – თითოეულში 70 ათასი ლარი გადაიხადა. ამის შემდეგ სააგენტომ დამატებით 43 700 ლარად ღირებული სამი ერთეული “ტოიოტა ჰაილუქსი” და სამი ერთეული “ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო” შეისყიდა, თითოეული 63 ათას ლარად. ამას მოჰყვა კიდევ ორი, 93 ათას ლარად ღირებული “ლენდკრუიზერ პრადო”.
2013 წლის აპრილში სააგენტომ “ტოიოტა ლენდკრუიზერ 200”-ც იყიდა – ამ მანქანაში სამინისტრომ 121 700 ლარი გადაიხადა. სააგენტო წელს ძვირადღირებულ მანქანებში, რითაც, სავარაუდოდ, თანამდებობის პირები ისარგებლებენ, 600 ათასი ლარის დახარჯვას ისევ გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია.
ახალი ავტომანქანები წელს საქართველოს პროკურატურასაც უყიდია. ამ უწყებამ კომპანია “ჯი თი მოტორსისგან” 485 ათასი ლარის ღირებულების ავტომანქანები შეიძინა (აჭარის პროკურატურას ჯერჯერობით მანქანის შესყიდვაზე ტენდერი არ გამოუცხადებია).
2013 წლის ივლისში ახალ მანქანებში ფული საქართველოს იუსტიციის სამინისტრომაც დახარჯა. სამინისტრომ “იბერია ავტო ცენტრისგან” ორი ერთეული “შკოდა” შეიძინა, რაც, ჯამში, 82 ათასი ლარი დაჯდა.
ახალი მანქანები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც გამოჩნდა. სამინისტრომ 2013 წლის თებერვალში 15 619 ლარად ღირებული “ვოლცვაგენ პასატი” და 42 121 ლარად ღირებული “კია სერატო” შეიძინა. მანქანების შეძენის ხელშეკრულებას ახლანდელი მინისტრი თამარ სანიკიძე აწერს ხელს, სამინისტროს მაშინ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა.
ავტოპარკინგის გასაახლებლად წელს მთლიანობაში მილიონ 841 040 ლარი დახარჯა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. ამ სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, მანქანები მინისტრის მოადგილეებს შეხვდა.
“რაც შეეხება მოადგილეებისთვის სარგებლობაში არსებულ ყოფილ მანქანებს, ისინი სამინისტროს დაქვემდებარებულ საჯარო იურიდიულ პირებს გადავეცით”.
ავტოპარკინგი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომაც განაახლა – 2013 წლის სექტემბერში ორი ერთეული “ტოიოტა კოროლა” შეისყიდა. ამ მანქანებში ჯამში 53 ათასი ლარი გადაიხადეს.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ კი 2013 წლის მაისში 2 ერთეული მსუბუქი ავტომანქანა შეიძინა, რაშიც, ჯამში, 78 500 ლარი გადაიხადა. კახა კალაძის უწყებამ არჩევანი “შკოდა ოქტავაზე” შეაჩერა.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხუთი ერთეული სედანის ტიპის “ჰიუნდაი ელექტრა” შეისყიდა, რაშიც მთლიანობაში 137 400 ლარი გადაიხადა. 11 “სედანი” იყიდა საქართველოს პარლამენტმაც.







