ახალი ამბები

საია: საჯარო უწყებებმა 2011–13 წლებში ავტომობილების შესაძენად 90 მილიონი დახარჯეს

21 ოქტომბერი, 2013 •
საია: საჯარო უწყებებმა 2011–13 წლებში ავტომობილების შესაძენად 90 მილიონი დახარჯეს

“კვლევამ გამოავლინა, რომ ბოლო 2 წელიწადნახევარში დაახლოებით 90 მილიონი ლარია დახარჯული სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებების მიერ ავტომობილების შესყიდვის პროცესში. გარდა ამისა, მთელი რიგი პრობლემები გამოვლინდა, კერძოდ ის, რომ, რაც ყველაზე მთავარია, არ არსებობს საკანონმდებლო აქტი, რომელიც ამ პროცესს დაარეგულირებს, ფაქტიურად გამოდის, რომ სხვადასხვა საჯარო მოხელეთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული ის, რამდენად მიზნობრივად დაიხარჯება ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა”, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე.

 

კვლევის პერიოდში ყველაზე ძვირადღირებული მანქანა შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიძინა, 2012 წლის ივლისში შსს–მ “მერესედეს ბენცში” 110 000 ევრო გადაიხადა. შსს ლიდერობს შესყიდული მანქანების რაოდენობის მხრივაც, კვლევის პერიოდში სამინისტრომ 1411 ავტომობილი შეისყიდა.

 

ავტომობილების შესყიდვის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წელს ფიქსირდება (1065 ავტომობილი), 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ყველაზე მცირე მაჩვენებელი დაფიქსირდა (276), არჩევნების შემდეგ კი კვლავ ზრდის ტენდენციაა, არჩევნებიდან 2013 წლამდე 307 ავტომობილის შეძენა მოხდა, 2013 წელს კი საჯარო დაწესებულებებმა 461 ავტომანქანა იყიდეს.

 

“შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობას შესყიდული აქვს ავტომანქანა, რომელიც ღირს 170 000 ლარი, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რისთვის სჭირდება რუსთავის ადგილობრივ თვითმმართველობას მანქანა, რომელიც ღირს 170 000 ლარი. არ ვამბობთ, ცხადია, იმას, რომ მინისტრებმა მაინცდამაინც “ჟიგულებით” უნდა იარონ, თუმცა, მეორე მხრივ, ის, რომ ამ საკითხს რეგულაცია სჭირდება და შესაძლებელია, რომ უფრო ეკონომიურად დაიხარჯოს სახელმწიფოს ბიუჯეტი, ამაში ორი აზრი არ არსებობს”, – აცხადებს კოჟორიძე. მისივე თქმით, ამ საკითხს უკვე მოჰყვა გამოხმაურება კანცელარიიდან და შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ამ საკითხებს შეისწავლის და ასევე შეიმუშავებს გარკვეულ რეგულაციებს.

 

საია მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელია საკანონმდებლო ბაზის მოწესრიგება და საჯარო დაწესებულებების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვასთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტები უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა დაბალი ფასისა და ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი შეთავაზების პრინციპი, ავტოპარკის განახლების პერიოდულობა და ა.შ. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი