ახალი ამბები

ხადური: დაგროვებით საპენსიო ფონდში თანხა არსებული საშემოსავლო გადასახადიდან გადაირიცხება

21 ოქტომბერი, 2013 •
ხადური: დაგროვებით საპენსიო ფონდში თანხა არსებული საშემოსავლო გადასახადიდან გადაირიცხება

“ეს არის ძალიან გრძელვადიანი პროექტი და იმ პენსიონერებს, რომლებიც დღეს იღებენ პენსიას, ეს არ შეეხებათ, ისინი ჩვეულებრივ რეჟიმში მიიღებენ პენსიას და მომავალში, როდესაც პენსია გაიზრდება, მათი პენსიაც გაიზრდება. რაც შეეხება დაგროვებით პენსიას, ჩვენი შემოსავლიდან გადასახადის ნაწილი, რომელსაც დღეს ვიხდით საშემოსავლო გადასახადის სახით, დაგროვდება საპენსიო ფონდში და როდესაც პენსიაზე ჩვენი ე.წ. სტაჟის, დამსახურების, ხელფასის მიხედვით ავიღებთ პენსიას, რომელიც გაცილებით მაღალი იქნება. სრულად ეს ამოქმედდება მას შემდეგ, რაც, დავუშვათ, ადამიანი, რომელიც ხვალ იწყებს მუშაობას, გავა პენსიაზე.”

 

კითხვაზე, აღნიშნული ინიციატივა ხომ არ გულისხმობს საშემოსავლო გადასახადის გაზრდას, ხადური პასუხობს:

 

“ფინანსთა სამინისტრო, მთავრობა და ფინანსთა მინისტრი ძალიან კანონმორჩილი ხალხი ვართ და გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ.”

 

ხადურისგან განსხვავებულ კონცეფციაზე საუბრობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გუგული მაღრაძე. მისი  განმარტებით, 2014 წელი დაგროვებითი საპენსიო ფონდის შექმნისთვის მოსამზადებელი პერიოდი იქნება, შემუშავდება კონცეპტუალური საკითხები, 2015 წელს კი, შესაძლოა, ფონდმა უკვე მუშაობა დაიწყოს.  მაღრაძის ვერსიის თანახმად, დაგროვებით საპენსიო ფონდში თანხები დაბეგრილი ხელფასიდან გადაირიცხება:

 

“მექანიზმი ასეთია, ჩემი ხელფასიდან ვიხდი გარკვეულ ნაწილს. რამდენი უნდა გადავიხადოთ, როგორი მექანიზმით, ჯერ შემუშავებული არ არის. შესაძლოა, მე ჩემი ხელფასიდან, საშემოსავლო 20%-ის გარდა, 1%, ან 2%, 5% გადავიხადო. გააჩნია, სად მუშაობ, საჯარო, კერძო სექტორში; რა უფრო მისაღებია ქვეყნისთვის, ვინ გააკეთებს ამის ადმინისტრირებას და ა.შ. ეს ყველაფერი 2014 წელს უნდა შემუშავდეს. ბაზაში უნდა განისაზღვროს საშუალო და ახალგაზრდა თაობა, მათ უნდა შეიტანონ ის ფული, რომელიც შემდეგ დაგროვებით ფონდს შექმნის. ეს რთული პროცესია,”- ამბობს მაღრაძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი