ამხანაგობის ადვოკატის, ირაკლი გაბრიჭის განცხადებით, “ნაძალადევი 2008″–ის წევრები პროკურატურისგან საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ. ისინი “ქართუ ბანკის” ადვოკატის, ალა კახნიაურის მეუღლეს, რევაზ კახნიაურს ამხანაგობის ქონების თაღლითური გზით მითვისებაში ადანაშაულებენ.
ამხანაგობა “ნაძალადევი 2008” –ის ადვოკატის განცხადებით, 2011 წელს თაღლითური ხელშეკრულებები გაფორმდა და რევაზ კახნიაურმა ნოტარიუს ნარგიზ მინდიაშვილის დახმარებით და თაღლითური გზით მიისაკუთრა ამხანაგობის 1,5 მილიონი ლარის ქონება:
“ამხანაგობის თავმჯდომარე არის ამ სქემის თანამონაწილე. მან გააფორმა ხელშეკრულება, ნოტარიუსი ნარგიზ მინდიაშვილი ჩართული იყო ამ საქმეში. სპეციალურად ვალი დაადეს ამ ამხანაგობას. ამხანაგობის დამფუძნებელმა წევრებმა არაფერი არ იცოდნენ ამის შესახებ. გაიგეს მხოლოდ მაშინ, როცა კომპანია აუქციონზე გაიტანეს და რევაზ კახნიაურმა შეიძინა.
“ამხანაგობის ქონებას წარმოადგენდა 1 500 კვადრატული მიწა ნაძალადევის მეტროსთან და მშენებარე 9- სართულიანი კორპუსი. უსახლკაროდ დარჩენილმა დაზარალებულებმა მოსთხოვეს რეზო კახნიაურს მათი კუთვნილი ქონების დაბრუნება, თუმცა მან ნაკისრი მოვალეობის შესრულების ნაცვლად ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ამხანაგობის წევრებს. უთხრა, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი და რამდენიც არ უნდა იჩივლონ, ვერაფერს გახდებიან. რეზო კახნიაურის მუქარის მიუხედავად, დაზარალებულებს, რომელთაც სამართალდამცავების დახმარების გარდა, სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ დარჩენილი, მიმართეს პოლიციას და პროკურატურას,” –ამბობს ირაკლი გაბრიჭიძე.
ადვოკატის განცხადებით, პროკურატურაში დევს რევაზ კახნიაურის ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები:
“თუმცა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტი ალა კახნიაური გავლენას ახდენს ობიექტური გამოძების მიმდინარეობაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ვერ ხდება. მეტიც, რეზო კახნიაური აქეთ ემუქრება დაზარალებულებს, რომ ბიძინა ივანიშვილი და სამართალდამცავი ორგანოების მაღალჩინოსნები მისი ახლობლები არიან და თუ ხმის ამოღებას გაბედავენ, აქეთ დააჭერინებს ყველას”.
“ქართუ ბანკის” ადვოკატი ალა კახნიაური “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ის ჩვეულებრივი იურისტია და არ არის საქართველოს პრემიერ–მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირი:
“მე ჩვეულებრივი იურისტი ვარ და როგორ მოვახდენ სასამართლოზე ზეწოლას?”
ალა კახნიაური განმარტავს, რომ მისმა მეუღლემ ამხანაგობას სამშენებლო მასალა მიჰყიდა, მაგრამ გაყიდული მასალის საფასური არ გადაუხადეს:
“სამშენებლო მასალა იყო ჩემი მეუღლის საკუთრება, რომლის ფასიც იყო 360 ათასი ლარი და 30 ათასი ლარი მიიღო. ჩვეულებრივი თაღლითები არიან ამხანაგობის თავმჯდომარე და წევრები. ჩემი მეუღლე არის ჩვეულებრივი დირექტორი კომპანიის, ეს არის უცხოელების კომპანია 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული, რომელსაც შემოაქვს ლითონ–მასალა უცხოეთიდან. აწვდის არა მხოლოდ ამათ, არამედ ბევრ კომპანიას. რადგან ამხანაგობამ ფული არ გადაიხადა, უჩივლეს სასამართლოში “ნაძალადევი 2008″–ს. ჩატარდა აუქციონი და აუქციონზე გაიყიდა ამათი მიწის ნაკვეთი.”
ალა კახნიაური აცხადებს, რომ ეს მიწის ნაკვეთი არ შეუძენია მისი მეუღლის, რევაზ კახნიაურის კომპანიას:
“ჩემი ქმრის კომპანიას არ უყიდია ეს მიწის ნაკვეთი. მას ჰქონდა ამოსაღები სუფთა თანხა 360 ათასი. აუქციონზე მიწის ნაკვეთი გაიყიდა 161 ათას ლარად. ამდენად, მისი კომპანია წაგებული აღმოჩნდა, კუთვნილი თანხა ვერ ამოიღო.”




