ახალი ამბები

შტორმისა და ტექნიკური გაუმართავობის გამო ზღვამ ფოთში გემი გამორიყა

20 ოქტომბერი, 2013 •
შტორმისა და ტექნიკური გაუმართავობის გამო ზღვამ ფოთში გემი გამორიყა

“სატვირთო ოპერაციების დამთავრების შემდეგ გემი გვიან ღამით გავიდა რეიდზე. მოსალოდნელი იყო ცუდი ამინდი, ცუდ ამინდში ეს გემი ძალიან რთულად მართვადია, ამიტომ გადაწყვიტა კაპიტანმა რეიდზე დამდგარიყო და ასე გადაეტანა შტორმი, შესაბამისად, დადგა ღუზაზე. დაახლოებით 2 საათზე ღუზაზე მდგომ ყველა გემს მიეწოდა ინფორმაცია მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ, გემებმა დაიწყეს მოხსნა და ღია ზღვაში გასვლა, მაგრამ ეს გემი ვერ მოიხსნა რეიდიდიან, რადგან ღუზასსაწევი მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდა. კვლავ გაძლიერდა შტორმი. 6 მეტრსაც კი გადააჭარბა ტალღის სიმაღლემ. გემი ვერ მოერია ტალღისა და ქარის სიმძლავრეს და გამოირიყა პლაჟზე, სილიან გრუნტზე შეჯდა”– განაცხადა “ნეტგაზეთთან” საუბრისას ფოთის საზღვაო ნავსადგურის კაპიტანმა ვახტანგ თავბერიძემ.

 

მისივე თქმით, კაპიტანის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, გემს დაზიანება ჯერჯერობით არ აქვს, ბორტზე ეკიპაჟის 16 წევრია და ყველა უვნებელია:

 

“დახმარება ჩვენ ვერ შევძელით, რადგან ძალიან დიდი შტორმი იყო და არ გაგვაჩნია ისეთი სამაშველო ბუქსირები, ამხელა ტალღებში ზღვაში გავსულიყავით. კაპიტნის ინფორმაციით გემს, დაზიანება ჯერჯერობით არ აქვს. ბორტზე ეკიპაჟის თექვსმეტი წევრია. ყველა უვნებელია და ველოდებით ამინდის გაუმჯობესებას სამაშველო ოპერაციების დასწყბეად”.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დაწყებული შტორმის გამო, რომლის სიმძლავრე 6 ბალამდე აღწევდა, ბათუმის ბულვარი და სხვადასხვა ადგილები დაზიანდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი