ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით ითანამშრომლებენ.
უმაღლესი განათლების კუთხით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოავლენს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის საფეხურის 30 წარჩინებულ სტუდენტს, რომელთაც „სოკარ“-აზერბაიჯანი ყოველთვიურ სტიპენდიას 300 ლარის ოდენობით დაუნიშნავს.
პროფესიული განათლების კუთხით, სამინისტრო, „სოკარის“ მოთხოვნის მიხედვით, შეიმუშავებს საჭიროებაზე მორგებულ სპეციფიკურ სატრეინინგო პროგრამებს პროფესიული განათლების დარგში, „სოკარი“ კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სახელმწიფო პროფესიული დაწესებულებების სტუდენტებისთვის გრძელვადიანი პრაქტიკული ტრეინინგების ორგანიზებას.
რაც შეეხება ზოგადი განათლების სფეროს, სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები ითანამშრომლებენ ზოგადი განათლების სფეროში მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის მიმართულებით.