ახალი ამბები

თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები GPB-ის ბორდში კაკაბაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ

30 მარტი, 2018 • 1980
თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკელები GPB-ის ბორდში კაკაბაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ

“თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკელები”  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამურვეო საბჭოს ვაკანტურ თანამდებობაზე ნინია კაკაბაძის კანდიდატურას მხარს უჭერენ.

ამ თანამდებობაზე ნინია კაკაბაძე საპარლამენტო უმცირესობამ საკუთარი კვოტით მეორედ წარადგინა. პირველ ჯერზე უმრავლესობამ კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო. 

პარტიებს მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია,  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოში შედიოდნენ დამოუკიდებელი, კრიტიკულად მოაზროვნე და უკომპრომისო ადამიანები,  ნინია კაკაბაძე კი ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს:

წინა კენჭისყრაზე “ქართული ოცნების” უმრავლესობამ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო, რითიც გამოამჟღავნა დამოუკიდებელი და კრიტიკული აზრის მქონე ადამიანის კატეგორიული მიუღებლობა. ამასთანავე, უმრავლესობამ ხელყო საპარლამენტო უმცირესობის არსებითად დემოკრატიული უფლება, გამოიყენოს მისთვის კანონით განსაზღვრული კვოტა.

ეს ნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნების’’ საპარლამენტო უმრავლესობა მიზანდასახულად ცდილობს უგულებელყოს უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პრინციპი და შესაბამისი პროცედურა, რომლებიც გულისხმობს უმრავლესობის გარდა სხვების უფლებების თანასწორად აღიარებასა და დაცვას” – აცხადებენ “თავისუფალი დემოკრატები”.

“რესპუბლიკურ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ნინია კაკაბაძის კანდიდატურას პარლამენტმა მხარი დაუსაბუთებელი მიზეზების გამო არ დაუჭირა:

“პარლამენტში არსებული უმრავლესობა არ უწევს ანგარიშს “მაუწყებლობის შესახებ” კანონით დადგენილ მოთხოვნებს. პარლამენტის თავმდჯომარის მიერ შერჩეული საკონკურსო კომისიის 9-ვე წევრის მხარდაჭერა მოიპოვა ნინია კაკაბაძემ.

მან კონკურსის მიმდინარეობისას დაადასტურა მაღალი კვალიფიკაცია, მოვალეობისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა. პარლამენტში ნინია კაკაბაძის მიმართ უკვე არაერთგზის გამოხატული უარყოფითი პოზიცია ტოვებს შთაბეჭდილებას – ის იმდენად მიუღებელია “ქართული ოცნებისთვის” პერსონალურად, რომ მმართველი გუნდი მზადაა არ გაითვალისწინოს კანონით დადგენილი არცერთი მოთხოვნა მხოლოდ იმიტომ, რომ ნინია კაკაბაძე არ მოხვდეს სამეურვეო საბჭოში” – ვკითხულობთ “რესპუბლიკური პარტიის” განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია 12 კანდიდატს მისცა. ნინია კაკაბაძემ და ია მამალაძემ კომისიისგან ყველაზე დადებითი შეფასება მიიღეს. ამის შემდეგ კი კაკაბაძის კანდიდატურა საპარლამენტო უმცირესობამ წარუდგინა პარლამენტს.

პარლამენტს სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრი უნდა შეერჩია, მაგრამ დღევანდელი მონაცემებით მხოლოდ ორი წევრი დაამტკიცა- უმრავლესობის კანდიდატი ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ დასახელებული კანდიდატი ბესიკ ლილუაშვილი. სახალხო დამცველის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა ზვიად დევდარიანმა მის მიმართ გამოთქმული სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო კანდიდატურა მოხსნა, ხოლო საპარალმენტო უმცირესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი