ახალი ამბები

აშშ: საქართველო აძევებს რუსეთის ჯაშუშს, რაც მნიშვნელოვანია

30 მარტი, 2018 • 2003
აშშ: საქართველო აძევებს რუსეთის ჯაშუშს, რაც მნიშვნელოვანია

საქართველოს მიერ რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის გაძევებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამოეხმაურნენ. დეპარტამენტის პრეს-სპიკერის, ჰიზერ ნაუერტის თქმით, თბილისის ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო რუსეთის მეზობლად მდებარეობს.

მან შეაფასა რუსეთის მიერ აშშ-ის 58 დიპლომატის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, ასევე, პეტერბურგის საკონსულოს დახურვა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით მოსკოვი თავს მეტ იზოლაციაში მოიქცევს.

“საქართველო ბოლო ქვეყანა იყო, რომელიც ჩვენს ძალისხმევას შემოუერთდა. მათ განაცხადეს, რომ ქვეყნიდან ერთ ჯაშუშს გააძევებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო რუსეთის სამეზობლოში მდებარეობს. აქედან გამომდინარე, უკვე 28 ქვეყანა შემოუერთდა აშშ-ის ძალისხმევას ჩვენი მოკავშირის მხარდაჭერის საკითხში.

ჩვენი ელჩი დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამოინისტროში. ამჟამად განვიხილავთ რუსეთის მთავრობის ნოტას, რომელიც მათი პასუხის შესახებ გვაუწყებს. აქედან ჩანს, რომ რუსეთმა მიმართა სამწუხარო, დაუსაბუთებელ ქმედებას ჩვენი სამართლიანი ქმედებების საპასუხოდ. როგორც ვიცი, ის უსამართლო ქმედებებს სხვა 28 ქვეყნის წინააღმდეგაც გეგმავს, რომლებმაც დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოუცხადეს. ქვეყანა კიდევ ერთხელ ახდენს საკუთარი თავის იზოლირებას უსირცხვილო ქიმიური თავდასხმის შემდეგ. ჩვენ ამ ქმედებაზე პასუხის გაცემის უფლებას ვიტოვებთ”, – აღნიშნა ნაუერტმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომლის გაძევების შესახებ განცხადება 29 მარტს გაავრცელა. უწყების განცხადებით, საქართველო ამ ფორმით გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენებას გმობს და ქვეყანას სოლიდარობას უცხადებს.


სკრიპალების საქმის ირგვლივ ეს რუსი დიპლომატების გააძევების პირველი შემთხვევა არაა. დიპლომატები ისეთი ქვეყნებიდან გააძევეს, როგორიცაა აშშდიდი ბრიტანეთი, გერმანია და სხვა. საფრანგეთი და პოლონეთი 4-4 დიპლომატს გააძევებენ. ლიტვა და ჩეხეთი 3-3 დიპლომატის გაძევებას აპირებენ. დანია, ნიდერლანდების სამეფო, იტალია, ესპანეთი  2-2 დიპლომატს გააძევებენ. ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, მაკედონია, უნგრეთი, ლატვია, რუმინეთი, შვედეთი და ხორვატია კი, თითო-თითო დიპლომატს.  უკრაინა 13 დიპლომატის, კანადა 4-ის, ალაბანეთი 2-ის და ნორვეგია თითო-თითო დიპლომატის გაძევებას აპირებენ.

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკირპალი შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად ქუჩაში უგუნო მდგომარეობაში იპოვეს. მათი ამჟამინდელი მდგომარეობა კრიტიკულია. ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ მამა-შვილის მოწამვლის ფაქტზე პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, რუსეთია. ქიმიური ნივთიერება, რომელიც მამა-შვილის მოსაწამლად გამოიყენეს, ნერვული აგენტების იმ ჯგუფს მიეკუთნება, რომელიც “ნოვიჩოკის” სახელითა ცნობილი. ნერვული აგენტები ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიერებებია (ორგანოფოსფატები), რომლებიც აზიანებენ ნერვების მიერ ორგანოებამდე ინფორმაციის მიტანის მექანიზმს.

სერგეი სკირპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკირპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

BBC-ის ცნობით, როგორც სკირპალის ნათესავები აცხადებენ, რუსეთის უშიშროების ყოფილ ოფიცერი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ოდესმე პასუხს მოსთხოვდა. ოჯახისვე განცხადებით, სკირპალის ცოლი, ძმა და 43 წლის შვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. სკირპალის შვილი ცოტა ხნის წინ სანქტ პეტერბურგში მოგზაურობისას გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი