ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრო: შეიარაღებულ ძალებში მოწამვლის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

18 ოქტომბერი, 2013 • • 1185
თავდაცვის სამინისტრო: შეიარაღებულ ძალებში მოწამვლის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე სამხედროების მოწამვლის, ინტოქსიკაციის ან დიარეის ფაქტს.

 

“ბოლო დროს გახშირებული  არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებამ ისტერიის ხასიათი მიიღო და შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას ემგავსება”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო

სამინისტროს ცნობით, IV ქვეითი ბრიგადის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ დღეს დილით სამედიცინო პუნქტს მართლაც მიმართა:

 

“საერთო ჯამში, პროფილაქტიკის მიზნით შემოწმებულ იქნა 36 სამხედრო მოსამსახურე. არცერთ მათგანს დამატებითი სამედიცინო დახმარება ან მომსახურება არ დასჭირდა. ეს ფაქტი დაფიქსირებისთანავე ეცნობა სამხედრო პოლიციას და გენერალურ ინსპექციას. იმის გამო, რომ არ არსებობდა საფუძველი, ფაქტზე  არც მოკვლევა დაწყებულა და არც სისხლის სამართლის საქმე აღძრულა”, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

 

რაც შეეხება ზოგადად სტატისტიკას, სამინისტროს ცნობით, აქამდე,შეიარაღებულ ძალებში მოწამვლის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა:

 

“სხვადასხვა დროს სხვადასხვა ბაზებზე იყო დიარეის შემთხვევა, რის გამოც 91-მდე სამხედრო მოსამსახურე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იყვნენ გადაყვანილები.

 

არცერთ შემთხვევაში საკვებით გამოწვეული ინტოქსიკაცია ან მოწამლვა არ დაფიქსირებულა. ძირითად შემთხვევებში სამხედრო მოსამსახურეებს გასტროენტერიტის ან მსუბუქი დიარეის დიაგნოზი დაესვათ“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

შპს „ქართული კვების კომპანიის“ დირექტორმა გიორგი როგავამ ასევე კატეგორიულად გამორიცხა სამხედრო მოსამსახურეების მოწამვლის ფაქტი. მისი თქმით, კომპანიის ახალი მენეჯმენტის პირობებში მხოლოდ 7 სამხედრო მოსამსახურეს დაუდგინდა მსუბუქი ფორმის დიარეა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი