ახალი ამბები

სამთავრობო ცვლილებებს მთავრობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ

29 მარტი, 2018 • 1807
სამთავრობო ცვლილებებს მთავრობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ

მთავრობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას დაგეგმილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ. დღეს რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის ტელევიზიებმა, გაავრცელს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ ალავიძეს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი შეცვლის.

ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, შესაძლოა ცვლილებები სხვა მინისტრებსაც შეეხოთ, თუმცა მთავრობის ადმინისტრაციაში ამ ცნობებსაც უარყოფენ.

შესაძლო ცვლილებების თაობაზე კომენტარი დღეს პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. შესაბამისი კითხვა მას რ2-მა დაუსვა. პრემიერის თქმით, ცვლილებები ჩვეულებრივი ამბავია, თუმცა პირადად ის არსად წასვლას არ აპირებს.

„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს ასეთი კიდევ გასაკეთებელი და დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ყველაფერი კარგად იქნება,“- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი